55 წლის მამაკაცი, რომელიც ოჯახური კონფლიქტის გამო 22 მარტს დააკავეს და რომლის ნათესავებიც პოლიციას მასზე განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, 2 კვირიანი უშედეგო მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა.
ნათესავების განცხადებით პოლიციელებმა ზვიად მთავრიშვილზე ფიზიკურას იძალადეს შემდეგ კი სახლში გაუშვეს, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა და რამდენიმე დღეში, ჯერ გურჯაანის საავადმყოფოში, შემდეგ კი რეანომობილით თბილისში, ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში მოხვდა. მთავრიშვილს თავზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა როგორც 3 აპრილს "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციელების მხრიდან განხორციელებული რაიმე სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა არ დასტურდება. დაზიანებები კი მთივრიშვილს შესაძლოა, ძმასთან ფიზიკური დაპირისპირებისას გამოეწვია.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს კაჭრეთის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარე წლის 22 მარტს 12 წლის გ. ჯ.-ს შეტყობინება შევიდა. როგორც არასრულწლოვანმა განაცხადა, ბიძა - ზ. მ. მის ოჯახის წევრებს სახლიდან გაყრას უპირებდა.
პოლიციამ მიღებულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. სამართალდამცველებმა გამოკითხეს როგორც არასრულწლოვანი გ.ჯ., ასევე, მისი დედა - მ.მ., რომლებმაც განმარტეს, რომ ზ. მ. არის ალკოჰოლის აქტიური მომხმარებელი და როდესაც ალკოჰოლის მიღებას უშლიან, ხდება აგრესიული. მათი თქმით, 22 მარტსაც ამის გამო მოხდა ოჯახში კამათი, გ.ჯ.-მ კი სიტუაციის განმუხტვის მიზნით "112"-ში დარეკა და პოლიციის დახმარება ითხოვა.
დედა-შვილის გამოკითხვის შემდეგ, პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა და მოძალადე ზ.მ.-ს მ.მ.-სთან ყოველგვარი კომუნიკაცია და მიახლოება აუკრძალა.
შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან 10 დღის შემდეგ, მიმდინარე წლის 1 აპრილს, გურჯაანის რაიონულ სამმართველოში გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსიდან" შევიდა შეტყობინება, რომ აღნიშნულ კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს ზ.მ., თავში არსებული ჰემატომით. როგორც ზ.მ.-ს და - მ.მ. აცხადებს, 22 მარტს მის ძმას პოლიციამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც შესაძლოა, გამოიწვია აღნიშნული ჰემატომა.
მ.მ.-ს აღნიშნული განცხადების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, რომლის ფარგლებშიც ამოღებული და დათვალიერებულ იქნა კაჭრეთის პოლიციის განყოფილებაში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები. ასევე, გამოიკითხნენ პოლიციელები, რომლებსაც 22 მარტს უშუალო შეხება ჰქონდათ ზ. მ.-სთან.
ამ ეტაპზე ზ. მ.-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული რაიმე სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა არ დასტურდება.
პარალელურად, აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას კახეთის საოლქო პროკურატურა აწარმოებს" - აცხადებდნენ შსს-ში.
გარდაცვლილი მთავრიშვილის ახლობლის განცხადებით, პოლიციელებმა ზვიად მთავრიშვილს გინება არ აპატიეს და დაარტყეს:
„ბავშვმა საშველად გამოიძახა და ოჯახს ერთადერთი მამაკაცი მოუკლეს პოლიციელებს შეიძლება მოკვლა არ უნდოდათ, მაგრამ რომ დაარტყეს, დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შეიძლება უბრალოდ ცემა უნდოდათ. გინება არ აპატიეს“-განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა.
მასალის გამოყენების პირობები






