ლევან ჩხეიძე ამბობს, რომ სასამართლომ სახელით უნებართვოდ სარგებლობის აკრძალვის ნაწილში დავა ანა და ნუგზარ ბაგრატიონების იურიდიული ინტერესისა და დავის საგნის არარსებობის გამო შეწყვიტა.
ადვოკატი ამბობს, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შეუძლია სასამართლოს განჩინება მეორე ინსტანციაში გაასაჩივროს.
„ძნელად წარმოსადგენია, ვინც ჩართულია ამ სპეციფიურ დავებში, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოსთან კონსულტაციის გარეშე მიეღო. თუ არ იქნებოდა სააპელაციო სასამართლოსგან, ასე ვთქვათ, არაოფიციალური თანხმობა, რომ ისინი შემდგომ ამ განჩინებას მოიწონებდნენ, ეს მოსამართლეები ნამდვილად ვერ გარისკავდნენ და ვერ მიიღებდნენ ამდაგვარ გადაწყვეტილებას და საქმეს ბოლომდე განიხილავდნენ. მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად სწორი, პროფესიულად გამართლებულია. რაც შეეხება მოცემული დავის სტრასბურგში წაღებას, მათ აქვთ მიმართვის უფლება, მაგრამ პირდაპირ გეტყვით სტრასბურგის სასამართლოში სამოქალაქო ტიპის დავა, მითუმეტეს არისტოკრატიულ ტიტულებთან დაკავშირებით, იმდენად უპერსპექტივო და ბუნდოვანია, რომ ამაზე სერიოზული საუბარი ძნელია", - განაცხადა ლევან ჩხეიძემ.
ადვოკატი გამორიცხავს, რომ მოსამართკლე ვინმეს ზეგავლენის ქვეშ იყო.
"არანაირი გარედან ჩარევა ამ საქმეს არ სჭირდებოდა. გამოვრიცხავ საპატრიარქოს ჩარევას და პირიქით, ვიტყვი, რომ ის მოცემულ დავაში არც ერთი მხარის სასარგებლოდ საერთოდ არ ჩარეულა",- განაცხადა ადვოკატმა.
ჩხეიძემ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის „ემოციების კონტროლისკენ" მოუწოდა.
"პიროვნულად ანას არ ვიცნობ, თუმცა როგორც საერთო საურთიერთობო წრიდან ვიცი, ის საკმაოდ ამბიციური და ამპარტავანი ადამიანია, სასამართლოში გუშინდელი კრახი მის ამპარტავნებაზე ძალიან მძიმედ აისახა. არ გამოვრიცხავ, რომ იგი გააფთრებული და გავეშებული აგრძელებს დავას. მოვუწოდებ, რომ ემოციები ცოტა მოთოკოს, მარცხი ღირსეულად მიიღოს, სიტუაცია გაანალიზოს და შეწყვიტოს აღნიშნული უპერსპექტივო დავა სასამართლოში,"- განაცხადა ლევან ჩხეიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






