ოფიციალური ინფორმაციით, ხალათაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ხარჯებით 2019 წლის 15 აპრილს კონცერტის გამართვა შესთავაზა.
თანხმობის მიღების სანაცვლოდ კი, საჯარო მოხელეს ქრთამის სახით 2500 ლარის გადახდას დაჰპირდა და გზავნილის სახით გადაურიცხა, რის შემდეგაც ხალათაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხალათაშვილი სიღნაღში მომღერალ ანრი ჯოხაძის კონცერტს უწევდა ორგანიზებას.
„ნიუპოსტი“ დაინტერესდა, რა იცის მომღერალმა მომხდარის შესახებ და ანრი ჯოხაძეს დაუკავშირდა.
არტისტი ადასტურებს, რომ 15 აპრილს სიღნაღში მისი კონცერტია დაგეგმილი, ჯოხაძე ამბობს, რომ ბექა ხალათაშვილს „ყველა იცნობს“.
რაც შეეხება კრიმინალურ ფაქტს, მომღერლის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩვენგან ესმის და ვერ ხვდება, რა შუაშია პროდიუსერის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმესთან.
- რა იცით, ბექა ხალათაშვილის დაკავების შესახებ?
- მსგავსი არაფერი ვიცი და ცოტა გაკვირვებული ვარ...
- იცნობთ თუ არა ხალათაშვილს?
- როგორ არ ვიცნობ, ბექას ყველა იცნობს!
- 15 აპრილს სიღნაღში თქვენი კონცერტი იყო დაგეგმილი...
- ეს ტყუილი არ არის, 15-ში, ხო.
- იყო თუ არა ბექა ხალათაშვილი თქვენი კონცერტის ორგანიზატორი?
- კი ბატონო.
- სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული აჯარო მოხელეს კონცერტის გამართვის ნებართვის მიღების სანაცვლოდ ქრთამის სახით 2500 ლარის გადახდას დაჰპირდა და ჩაურიცხა კიდეც...
- ქრთამის აღება არ ვიცი...ისეთ რაღაცას ყვები... ძაან უცნაურ რაღაცას მიყვები. მე საიდან უნდა ვიცოდე, ქრთამი ვინ ვის მისცა.
- სამართალდამცავები თუ დაგიკავშირდნენ აღნიშნულ საქმეზე, რადგან, როგორც ვიცით, თქენი კონცერტის გამართვაზეა საუბარი...
- და რატომ უნდა დამკავშირებოდნენ?! ქრთამი რამეში მიკავშირდება თუ რა?! რისი გამოკითხვა უნდა მოხდეს, მისვამ კითხვას, რომელიც თვითონაც არ იცი, რა არის... მერე რა, თუ ჩემს კონცერტზე იყო საუბარი?! ამას გაარკვევს სამართალდამცავი უწყება. ჩემთან დაკავშირებით რა კითხვა უნდა გაუჩნდეთ? მე ჩავდივარ ნებისმიერ კონცერტზე, რაიონში იმართება თუ ქალაქში თუ სოფელში. ვიღებ ჰონორარს, ამ თანხას დამკვეთი მიხდის და მოვდივარ. მომღერალთან რა კითხვა უნდა გაუჩნდეთ სამართალდამცავებს. ჩემზე და თქვენზე კომპეტენტურები გაარკვევენ მაგ საკითხს... ძალიან ცუდი, თუ დაიჭირეს... გეუბნები, არაფერი არ ვიცი, მეტი რა გითხრა.
ცნობისთვის, ბექა ხალათაშვილი წინააღმდეგ გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
მასალის გამოყენების პირობები






