ღონისძიება "რესპუბლიკაში", რომელსაც პრემიერიც ესწრებოდა - დასრულების შემდეგ ევაკუაცია გამოცხადდა.
"რესპუბლიკაში" განგაშის სიგნალი ღონისძიების დასრულების შემდეგ ჩაირთო. საბოლოოდ გაირკვა, რომ განგაშის ზარის ჩართვის მიზეზი, სავარაუდოდ სიგარეტის კვამლი აღმოჩნდა.
თავის მხრივ სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ დღეს მრავალფუნქციურ კომპლექსში „რესპუბლიკა“ ჩართულ საევაკუაციო განგაშზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიას“ მართვაში მყოფ მრავალფუნქციურ კომპლექსში „რესპუბლიკა“ დღეს 11.40 საათზე უსაფრთხოების განგაში ჩაირთო. სიგნალის ხმა ღონისძიების დასრულების შემდეგ გაისმა. მიზეზი სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან სამზარეულოში მომხდარი შემთხვევითი დაუდევრობა გახდა, კერძოდ, სახანძრო სინალიზაცია ღუმელიდან გამომავალმა კვამლმა აამოქმედა.
მომხდართან დაკავშირებით, სასტუმროს შესაბამის დეპარტამენტს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. დაცული იყო უსაფრთხოების ყველანაირი ნორმა. აღსანიშნავია, რომ კომპლექსის არც ერთი სტუმრის უსაფრთხოებას არ შექმნია საფრთხე.
სასტუმროს მენეჯმენტი ბოდიშს უხდის სტუმრებს შექმნილი უხერხულობისთვის.
სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ უსაფრთხოების ნორმები უმაღლეს დონეზე არის დაცული. სასტუმრო ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას საერთაშირისო კომპანია Safe Hotel Aliance-ის მიერ ორგანიზებულ პროგრამაში. პროგრამა ითვალისწინებს მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების ნორმების ინსპექტირებას სხვადასხვა ბრენდის სასტუმროებში, რომლის ფარგლებშიც ხდება შემოწმება, თუ რამდენად გამართულად მუშაობს სისტემა.
ბოლო წლებია, აღნიშნული ინსპექტირების ფარგლებში, „რადისონ ბლუ ივერია“ იმსახურებს უმაღლესი დონის სერტიფიკატს და არის აღიარებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაცული სასტუმრო მსოფლიოში"- წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






