ადვოკატი ქუთაისის პროკურატურასა და საქალაქო სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გიორგი ლოლოშვილის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.
ივანე ლომიძის განცხადებით, ლოლოშვილს, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა სრულიად უსამართლოდ შეუფარდა.
„როგორც ვიცი, ძალოვანი უწყებები ჩასაფრებულები არიან, რომ ადამიანებს ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოუჩინონ, ამაზე ნადირობენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ გიორგი ლოლოშვილს, რომელიც მონაწილეობს ბუპრენოფრინ ნალოქსინის ჩანაცვლებით პროგრამაში, ვითომ, აღმოუჩინეს ნივთიერება და დააკავეს. სინამდვილეში ლოლოშვილმა იმ სამკურნალო ცენტრიდან, სადაც გადის მკურნალობას, ჩვეულებრივად მიიღო პრეპარატი და წაიღო სახლში. ეს არ არის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეზე, რომელსაც სურს, გამოჯანმრთელდეს,“ – განაცხადა ივანე ლომიძემ.
ადვოკატ ლომიძის თქმით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მას სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის დ–ე ქვეპუნქტით შეუფარდა პატიმრობა, რაც ნარკოტიკული ნივთიერებების არაერთხელ მიღებას გულისხმობს. დანაშაული 5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი ლოლოშვილი ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა–რეალიზაციის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის ა ქვეპუნქტით მანამდეც იყო დაკავებული, თუმცა, მაშინ მას 4000 ლარის ჯარიმის გადახდა მოუწია და 5-წლიანი პირობითი მიუსაჯეს.
მასალის გამოყენების პირობები






