ჰოლანდიელმა არტ-დეტექტივმა არტურ ბრანდმა, რომელიც ცნობილია, როგორც მოპარული ნახატების აღმომჩენი, იპოვნა პაბლო პიკასოს ნახატი, რომელიც 20 წლის წინ მოიპარეს.
"ხელოვნების ნიმუშების ინდიანა ჯონსი", როგორც მას მსოფლიოს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ეძახიან, აცხადებს, რომ მოპარული ნახატი "ქალის ბიუსტი (დორა მაარის პორტრეტი)" ამ წლების განმავლობაში ხელიდან ხელში გადადიოდა ნიდერლანდების კრიმინალურ სამყაროში.
პიკასოს მიერ 1938 წელს სურათი 1999 წელს საუდის არაბეთის ერთერთი შეიხის, მილიარდერ აბდულა აბდულმალიქ აშ-შეიხის იახტა "მარჯნის კუნძულიდან" მოიპარეს, როდესაც იგი ერთერთ პორტში რემონტზე იდგა. საფრანგეთის პოლიცია, რომელიც ამ საქმეს იძიებდა, ჩიხში შევიდა. იგი მაშინ 7 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, თუმცა ახლა მისი სავარაუდო ფასი 25 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
1907 წელს დაბადებული დორა მაარი (თეოდორა მარკოვიჩი) პიკასოს საყვარელი იყო 7 წლის განმავლობაში - 1936-43 წლებში. აღნიშნული სურათი მის სახლში 1973 წლამდე ეკიდა. იგი 1999 წელს გარდაიცვალა. მაარი ცნობილი ფოტოგრაფი და მხატვარი იყო.

არტურ ბრანდამდე სურათის შესახებ ინფორმაცია 2015 წელს მივიდა. თავიდან მან არ იცოდა, თუ რომელ სურათზე იყო საუბარი, თუმცა, მოგვიანებით ესეც შეიტყო. მან სურათის შესახებ ინფორმაცია იმ ხალხში გაავრცელა, რომელთაც სავარაუდოდ, მისი ყიდვა შეეძლოთ, ისე რომ მისი მოპარვის შესახებ არაფერი სცოდნოდათ. მარტის დასაწყისში მან ამის შესახებ მართლაც მიიღო ინფორმაცია.
"დამიკავშირდა ერთერთი ჰოლანდიელი ბიზნესმენის ორი წარმომადგენელი და განმიცხადა, რომ მათი კლიენტი ფლობს ამ სურათს და არ იცის რა ქნას, რადგან მან ის კანონის სრული დაცვით შეიძინა, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, თანხის გადახდის მეთოდი კანონიერი არ იყო. მათ სურათი, ამსტერდამში, ჩემს სახლში მოიტანეს," - აცხადებს ბრანდი.
საფრანგეთისა და ნიდერლანდების პოლიცია აცხადებს, რომ სურათის უკანასკნელ მფლობელთან პრეტენზია არ გააჩნიათ. იგი აჟამად სადაზღვევო სამსახურის მუშაკების ხელში იმყოფება, რომლებიც არკვევენ, რა მოუხერხონ მას მომავალში.
მსოფლიოს ხელოვნების წრეებში აცხადებენ, რომ დეტექტიური წარმატებების გამო, მალე არტურ ბრანდზე შესაძლოა მხატვრული ფილმიც გადაიღონ. თუმცა იგი უკვე მონაწილეობდა დოკუმენტურ ფილმში, სადაც ხელოვნების სფეროში მომხდარ ქურდობებზე საუბრობდა.
ბრანდის წარმატებების სია საკმაოდ შთამბეჭდავია:
2018 წელს მან კვიპროსს დაუბრუნა მოციქულ მარკოზის მოზაიკა, რომელიც ადგილობრივი ეკლესიიდან 1974 წელს მოიპარეს.
2015 წელს აღმოაჩინა ე.წ. "ჰიტლერის ცხენები" - ორი ბრინჯაოს სკულპტურა, რომელიც ნაცისტ მოქანდაკეს იოზეფ ტორაკს ეკუთვნოდა და რაიხსტაგის წინ იყო განთავსებული. ბრანდმა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში თავს კოლექციონერად ასაღებდა, ცხენების კვალს მიაგნო.
არტ-დეტექტივის წარმატებათა ნუსხაშია ასევე სალვადორ დალის "სიჭაბუკის", თამარა დე ლემპიცკის "მუსიკოსი ქალისა" და ჰოლანდიის ქალაქ ჰორნის მუზეუმიდან მოპარული რამდენიმე სურათის პოვნა.
--------------------------------------
მოციქულ მარკოზის მოზაიკა

"ჰიტლერის ცხენები"

სალვადორ დალი " სიჭაბუქე"
თამარა დე ლემპიცკის "მუსიკოსი ქალი"
მასალის გამოყენების პირობები






