ღვინის ქარხნის მესაკუთრეები, რომელთაც მართლზომიერად და კეთილსიდისიერად შეიძინეს ქონება, იმედგაცრუებულნი არიან. მათი საკუთრება არის საფრთხის ქვეშ, ხოლო მათ მიერ გაღებული ინვესტიცია დროში გაურკვეველი ვადით არის სრულიად "გაყინული".
ღვინის ქარხნის მესაკუთრეების მიერ ორ ინსტანციაში მოგებული სასამართლო პროცესების შემდეგ საქმე კვლავ დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში, რაც მესაკუთრეებს უჩენს გონივრულ ეჭვს მოსამართლეებზე ზეწოლის და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის შესახებ.
მესაკუთრეების და არა მხოლოდ მათი ეჭვი საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების შესახებ ყოფილ მთავარ პროკუროს, არჩილ კბილაშილს უკავშირდება, რომელიც მეორე მხარის ინტერესების დამცველად გამოდის. ანუ, მას შემდეგ რაც უზნაესმა სასამრთლომ ორ ინსტანციაში მოგებული საქმე სააპელაციოს დაუბრუნა გაჩნდა კითხვა: ხომ არ ისარგებლა ბოროტად საკუთარი "კავშირებით" და მოახდინა გავლენა უზენაესი სასამართლოს განმხილველ მოსამართლეებზე არჩილ კბილაშვილმა? სხვაგვარად სრულიად შეუძლებელია ახსნა მოეძებნოს იმ უპრეცედენტო დასკვნებს, რომელსაც ასე უხვად შეიცავს ხსენებული გადაწყვეტილება და რომელიც წარმოდგენს იურიდიული მანიპულაციების გამოყენების ნათელ მაგალითს. მით უფრო, რომ უზენაესი სასამართლოს “მოსაზრებები” ცალკეულ შემთხვევებში ემთხვევა კბილაშვილის “მოსაზრებებს” საქმესთან დაკავშირებით.
საქმის არსი კი ასეთია, თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს.
2013 წელს შპს "არტ ღვინომ" ფიზიკური პირი ვლადიმერ კვარაცხელიასაგან 4 000 000 აშშ დოლარად იყიდა მის საკუთრებაში არსებული 100% წილი კომპანია შპს "კატრი კაპიტალში" (ს/კ: 404401544). ვლადიმერ კვარაცხელია მისი კუთვნიილ კომპანია შპს "კატრი კაპიტალის" მეშვეობით საკუთრებაში ფლობდა ღვინის ქარხნის ტერიტორიის მხოლოდ ნაწილს, თუმცა მთელი მისი ქონება ჩადებული ქონდა თიბისი ბანკში. ვლადიმერ კვარაცხელია ამ დროისთვის ვერ ახდენდა კრედიტის დაფარვას, აღნიშნული ქონება კი პრაქტიკულად გადასული იყო თიბისი ბანკის სრულ განკარგვაში. ამავე წელს შპს "არტ ღვინომ" საქართველოს ბანკისაგან 5 550000.00 ლარად გამოისყიდა ქონების მეორე ნახევარიც.
2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების - შპს "არტ ღვინოს" - მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე - სააქციო საზოგადოება "სავანე ღვინის #1 ქარხანა". მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო.
ყოფილი მთავარი პროკურორი ბატონი არჩილ კბილაშვილი, რომელიც ამ დროისთვის კვლავ დაუბრუნდა საადვოკატო საქმიანობას, ითხოვდა, პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება - ღვინის ქარხნის ტერიტორია მასზე არსებული შენობებით - სრულად ჩამორთმეოდა მის მესაკუთრეებს და გადასცემოდა სს "სავანე – ღვინის #1 ქარხანას". აღნიშნულის საფუძველს კბილაშვილისთვის წარმოადგენდა თურმე ის გარემოება, რომ 2004–2006 წლებში აღნიშნულ ქონებაზე საკუთრება სს "სავანე – ღვინის #1 ქარხანამ" დაკარგა მისი დირექტორების და აქციონერთა ერთი ნაწილის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ პროცესში უშუალო მონაწილეობას იღებდნენ იმდროინდელი საქართველოს გენერალური პროკურატურის გამომძიებლები და პროკურორები.
საყურადღებოა ის გარემობა, რომ არჩილ კბილაშვილი არ უარყოფს და პირიქით აღიარებს კიდეც, რომ წლების წინ გაყიდული ობიექტის ამჟამინდელ მესაკუთრეებს არავითარი შემხებლობა ამ ფაქტებთან არ ჰქონიათ.
2015 წელს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლომ - მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი - დააკმაყოფილა არჩილ კბილაშვილის მოთხოვნა და ყადაღა დაედო "ღვინის ქარხანის" მთელ ტერიტორიას. სასამართლოს გადაწყვეტილებით ქონების მესაკუთრეებს აეკრძალათ კერძო საკუთრების არა თუ განკარგვა, არამედ მისი გაქირავება და მასზე ნებისმიერი სარესტავრაციო სამუშაოების წარმოებაც კი.
ამავე წელს, მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა მოსარჩელე სს "სავანე ღვინის #1 ქარხანა“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. თუმცა სს "სავანე ღვინის #1 ქარხანა“-მ პირველი ინსტანციის დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩვრა.
ერთი წლის შემდეგ - 2016 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლომაც - შემადგენლობით ქეთევან მესხიშვილი, ნათია გუჯაბიძე, ნატა ნაზღაიძე - სს "სავანე ღვინის #1 ქარხანა“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
ამის მიუხედავად სს "სავანე ღვინის #1 ქარხანა“-მ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
დაინტერესებული და საქმეში ჩახედული პირები აცხადებენ, რომ სწორედ ეს ტაქტიკა იყო კბილაშვილს მიერ არჩეული. რადგან მან “წინასწარ იცოდა” რა გადაწყვეტილებას მიაღებინებდა უზენაეს სასამართლოს.
2018 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, შემადგენლობით ბესარიონ ალავიძე ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე, როგორც იტყვიან თავზე გადაახია საქმე ორ ქვედა ინსტანციას და ორი ინსტანციის მიერ საფუძვლიანად შესწავლილი და გამოძიებული საქმე უპრეცენდენტო გადაწყვეტილებით, "ახლიდან შესწავლის" მოტივით, განსახილველად უკან დააბრუნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
თუ საქმეში ჩახედული პირების კომენტარებს მოვისმენთ, ისინი აცხადებენ, რომ კბილაშვილი დარწმუნებულია სააპელაციო სასამართლოს მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიაღებინებს, ხოლო შემდგომ უზენაესი ყოველგვარი “ახალი შესწავლის” გარეშე ამჟამინდელ მფლობელებს ქონებას წაართმევს.
ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეს განიხილავს შემდეგი შემადგენლობა: ქეთევან მესხიშვილი - პალატის თავმჯდომარე და მომხსენებელი მოსამართლე, თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე.
აღნიშნული საქმეც და კბილაშვილის სამართლიანობაც, როდესაც მისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ამჟამიდელ მესაკუთრეს ქონება კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით აქვს შეძენილი და კეთილსინდისიერი შემძენია, მაგრამ მაინც ცდილობს ქონების წართმევას, თვალნათლივ მიუთითებს სამართლიანობის როგორი გაგება აქვს მას. იმასაც, თუ როგორ “თავდაუზოგავად” იბრძოდა შერჩევითი სამართლიანობის აღსადგენად მთავარი პროკურორობისას და იმასაც, თუ როგორ იყენებს პროკურორობიდან გამოყოლილ გავლენებს.
საქმეში კბილაშვილის მონაწილეობის და საწადელის ადვილად მიღწევის ცდუნებაზე და დაინტერესებაზე არსებობს დამატებითი ფაქტებიც, რომლის გადამოწმებას და დაზუსტებას გარკვეული დრო დასჭირდება. მით უფრო, რომ სააპელაციო სასამართლომპროცესი დასკვნით ეტაპზე კაურკვეველი მიზეზით და ვადით გადადო.
თუმცა ამ ეტაპზე იმის თქმა შეიძლება, რომ კბილაშვილს არანაირი პრეტენზია არ აქვს 2004-2006 წლებში სს "სავანე – ღვინის #1 ქარხნის" დირექტორებთან და აქციონერთა ერთი ნაწილთან, რომელთა ქმედებებს, როცა ამის სურვილი აქვს დანაშაულებრივსაც უწოდებს და თან ირიბად აღიარებს ამჟამინდელი მესაკუთრეების უფლებას.
კბილაშვილისა და უზენაესი სასამართლოსთვის საკუთრების კეთილსიდისიერი შეძენა და ფლობა არაფერს ნიშნავს, როცა მათი ინტერესებზე თუ გავლენის ქვეშ მოქცევაზეა საუბარი.
გოჩა მირცხულავა
მასალის გამოყენების პირობები






