15 წუთში გადაწყვეტილი საქმე და სიჩუმე დიდი სკანდალის წინ - მიმდინარე წლის 13 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ ლაკერბაიამ ა(ა)იპ ქ.თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის დირექტორის პოსტზე დავით ჯანგველაძე აღადგინა, რომელიც თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ მუზეუმში აღმოჩენილი ადმინისტრაციული და ფინანსური დარღვევების გამო, კანონის სრული დაცვით დედაქალაქის მიერიასთან შეთანხმებით გაათავისუფლა.

„ნიუპოსტს“ ინფორმაციით, ლაკერბაიამ, რომელიც ასევე სამეფო ოჯახის წევრების დაპირისპირების საქმის ერთ-ერთი მოსამართლეა, საჭიროდ არ ჩათვალა, პროცესზე მუზეუმიების გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად, მათი დამფუძნებლისთვის, თბილისის მერიისთვის მოესმინა, არადა ყველა გადაწყვეტილება სწორედ თბილისის მერიასთან იყო შეთანხმებული, რადგან მუზეუმების გაერთიანება თანამშრომლებს ნიშნავს და ათავისუფლებს, სწორედ თბილისის მერიასთან შეთანხმებით.
მოსამართლეს არ განუმარტავს, რა ბედი ელის ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის კურატორს, თამარ ცაგარელს, რომელმაც ჯანგველაძე შეცვალა და მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია.
ვინაიდან მოსამართლეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მხარეებისთვის ჯერ არ გადაუცია, უცნობია, როგორ ხსნის ლაკერბაია მიღებულ გადაწყვეტილებას. დოკუმენტის გასაჯაროებას ელოდება როგორც დავით ჯანგველაძე, ასევე ხელოვნებათმცოდნე თამარ ცაგარელი.

ცაგარელმა „ნიუპოსტთან“ მოკლე კომენტარი გააკეთა და თავისი პოზიცია დააფიქსირა:
„ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილების წერილობით ფორმას. იმედი მაქვს, შემდგომი ზემდგომი სამსახურები გაითვალისწინებენ საქმის სამართლებრივ ხაზსს - ამბობს ცაგარელი.
ამ ეტაპზე უცნობია რა პოზიციას დაიკავებს მუზეუმების გაერთიანება და როგორ აპირებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და ერთ პოზიციაზე ორი ადამიანის დასაქმებას.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორის, ნინო სანადირაძის თქმით, მას სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს:

„ძალიან საინტერესოა, რას ელოდება როგორც მოდავე მხარე, ისე აღმსრულებელი. ასევე საინტერესოა ჩვენთან დაკავშირებული საკითხი, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილება ოფიციალურად არ ჩაგვბარებია. ველოდებით სამართლებრივი ვადის დადგომას, გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, მივიღებთ შესაბამის ზომებს.
სასამართლო გადაწყვეტილება ჩემთვის წერილობითი ფორმით არის ძალიან მნიშვნელოვანი, პროცესის წარიმართვასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სამართლებრივი საკითხი, ჩავიბაროთ გადაწყვეტილება, სადაც დასაბუთებულ არგუმენტაციას წავიკითხავ“- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ სანადირაძემ.
„ნიუპოსტი“ დავით ჯანგველაძეს დაუკავშირდა, რომელიც არ მალავს, რომ განაცდური დღეების ანაზღაურებასაც ითხოვს.

„გადაწყვეტილების გამოქვეყნებას 20-21 დღე სჭირდება. უნდა მოიქცნენ ისე, როგორც ეს მოსამართლის გადაწყვეტილებაა“ - განაცხადა ჯანგველაძე, რომელიც „ნიუპოსტის“ კითხვებმა გააღიზიანა. დავით ჯანგველაძემ კითხვების დასმის გაგრძელება არ გვირჩია.
„ნიუპოსტი“: აღსანიშნავია, რომ მუზეუმების გაერთიანება კი გარდა ვახტანგ ჭაბუკიანის მუზეუმისა კიდევ სხვა 8 მუზეუმს აერთიანებს და სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. აღსანიშნავია რომ მუზეუმების გაერთიანების შექმნისას ყველა მუზეუმის დირექტორი არ გათავისუფლებულა თანამდებობიდან, 2 დირექტორი ამჟამად კურატორის პოზიციაზე აგრძელებს მუშაობას, სხვა მუზეუმის გათავისუფლებულმა ხელმძღვანელებმა სასამართლოს ადრეც მიმართეს, თუმცა უმრავლესობა მათგანის სარჩელი სასამართლომ დასაშვებად არც კი სცნო. რა მოხდა, თქვენს შემთხვევაში?
„არ ვიცი, საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია. მე ვიცი ერთი, და კარგი იქნება ამ შეკითხვაზე აღარ გაგრძელდეს საუბარი. 9 გაერთიანებული მუზეუმიდან, სასამართლოში შევიდა ერთადეთი სარჩელი. ეს გახლავთ დავით ჯანგველაძე, ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი. სხვა მუზეუმებსაც შეიძლება მიემართათ, ეს იყო წლების წინ... არ ვიცი...“- თქვა ჯანგველაძემ.
რა შედეგს გამოიღებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რა ბედი ელის ჭაბუკიანის სახელობის სახლ-მუზეუმის კურატორს და გაგრძელდება თუ არა სასამართლო დავა სხვადასხვა ინსტანციაში, ამას მინიმუმ 21 დღეში გავიგებთ, როცა მხარეები მოსამართლის გადაწყვეტილებას მიიღებენ და სამოქმედო გეგმას დასახავენ.
ცნობისთვის, დავით ჯანგველაძის სახელი 2010 წელს ვახტანგ ჭაბუკიანის ოჯახთან დაკავშირებულ სკანდალურ საქმეს უკავშირდება.
როგორც „ნიუპოსტმა“ გაარკვია 2010 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ დავით ჯანგველაძემ ვახტანგ ჭაბუკიანის დისშვილს, 82 წლის დემენციით დაავადებულ თამარ გორდონს ხელი მოაწერინა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სამ ოთახიანი ბინის ჩუქებაზე, რომელიც ანდერძით ეკუთვნის თამარ გორდონის დისშვილს და ვახტანგ ჭაბუკიანის დის შვილიშვილს, ნიკოლოზ გვარაძეს, რომელიც აღნიშნულ სახლში თამარ გორდონთან ერთად ცხოვრობდა. როგორც გავარკვიეთ, ჯანგველაძე სასამართლოს გადაწყვეტილაბამდე ითხოვდა 82 წლის ქალისა და მისი ოჯახის გასახლებას.
საბოლოო ჯამში, სასამართლომ ბათილად სცნო ჩუქების ხელშეკრულება.
დავით ჯანგველაძე ამ კონკრეტულ საქმეზე ამბობს, რომ გორდონებსა და მას შორის შეთანხმება შედგა და მხარეებმა გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელი მოაწერეს. ამიტომ, ჯანგველაძე ამბობს, რომ ის დეტალებზე არ ისაუბრებს.
„უკაცრავად, ეს არის სისულელე, მაგრამ ნუ მეტყვით, რატომაა სისულელე... საერთოდ ვერ ვიგებ, რაზე მელაპარაკებით. წარმოდგენა არ მაქვს, რა ეტაპებზე მეუბნებით. რა ეტაპზე უნდა იყოს სასამართლო. თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს. არის სასამართლო, სადაც არის გაუთქმელობა, თქვენ ვისი სახელიც და გვარიც დაასახელეთ, ხელია მოწერილი გაუთქმელობაზე - თამარა გორდონისა და მისი ოჯახის წევრისგან და ასევე ჩემგან. მორიგების აქტია ეს და საუბარი არ უნდა იყოს ამ თემაზე... ეს არის მორიგება, მარტო გაუთქმელობა არ არის, იქ არის მითითებული, რომ მასსა და ჩემს შორის ყველაფერი დამთავრებულია და ამაზე არასოდეს იქნება საუბარი“ - განაცხადა ჯანგველაძემ.
ცნობისთვის, დავით ჯანგველაძე სანამ სასამართლო განხილვის დღეს ელოდებოდა ჩართული იყო სარჩევნო პროცესში და ჩუღურეთის რაიონის საარჩევნო უბანს ხელმძღვანელობდა. ასევე აღსანიშნავია, რომ დავით ჯანგველაძეს ვახტან ჭაბუკიანის მუზეუმის დირექტორის პოზიციაზე მუშაობისას სამსახურში დასაქმებული ყავდა ყოფილი და ახლანდელი მეუღლე და ისინი დღემდე ერთად მუშაობენ ჭანუკიანის მუზეუმში.
დაპირისპირებისა და სასამართლო დავის შესახებ ინფორმირებულია დედაქალაქის მერია.
"ველოდებით სამართლებრივ გადაწყვეტილებას, რომელიც განაჩენის გამოცხადებიდან მინიმუმ 21 დღეში უნდა ჩაბარდეს მუზეუმების გაერთიანებას. ამის შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცევით" - განუცხადეს "ნიუპოსტს" თბილისის მერიაში.
მასალის გამოყენების პირობები






