საქმე ეხება წვევამდელ ქაზიმ გახრამანოვის სკანდალურ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მას სერჟანტის თანდასწრებით ფულს სძალავდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
იზორიას უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია და გამოიკითხა ახალგაზრდას მიერ ნახსენები სერჟანტი.
"ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, წვევამდელზე ქ. კ. განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და თანხის შესაძლო გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციაში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას გულისხმობს.
მოგახსენებთ, რომ სამხედრო პოლიციის მიერ უკვე გამოიკითხა წვევამდელის მიერ დასახელებული სერჟანტი კ.ე. დაცვის უზრუნველყოფის ასეულის მორიგე, რომელიც წვევამდელზე რაიმე სახის ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.
წინასწარი გამოკითხვის შედეგად, აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. თუმცა, წვევამდელის მიერ გაცხადებული ძალადობის შესაძლო ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. რაც შეეხება წვევამდელს, ის გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა მარნეულის სამედიცინო დაწესებულებაში, ამ დროისთვის კი მიმდინარეობს მისი გამოკითხვა. ოჯახის წინააღმდეგობის გამო წვევამდელის გამოკითხვის პროცესი ჭიანურდება"- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






