პოლიციელს, რომელსაც 16 წლის ბიჭი გაუპატიურების მცდელობასა და ძალადობაში ადანაშაულებს, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალური ინსპექცია საქმის შესწავლას აგრძელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლნისში ოქროს ნაკეთობების მაღაზიიდან 8000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულების ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
„მიმდინარე წლის 13 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 2002 წელს დაბადებული თ.ა. ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულმა არასრულწლოვანმა 13 თებერვალს ბოლნისში მდებარე ოქროს ნაკეთობების მაღაზიიდან 8 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები მოიპარა.
სამართალდამცველებმა თ.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები სრულად ამოიღეს ნივთმტკიცებად. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ- ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
16 წლის მოზარდი სამართალდამცავებს უმძიმეს ბრალდებას უყენებს. არასრულწლოვანი ირწმუნება, რომ ბოლნისში მას პოლცია ფიზიკურად გაუსწორდა და გაუპატიურებით დაემუქრა. მისი თქმით, ცემის შედეგად მას ხელი მოტყდა.
მოზარდის დედის თქმით, მის შვილს დაზიანებები აღენიშნებოდა თავისა და ზურგის არეშიც. მომხდარის გამო ბიჭს ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში ოპერაციაც ჩაუტარდა.
მასალის გამოყენების პირობები






