გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 23 თებერვალს თბილისში, ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე დ.გ.-ს, რომელსაც სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. ამჟამად დაშავებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა დადგენის მიზნით გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დავით გულიაშვილი, რომელსაც ქაშუეთთან თავს 23 თებერვალს დაესხნენ, თავდასხმაში ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან, დაახლოებულ პირებს და კონკრეტულად გიორგი მიქაძეს ადანაშაულებდა.
დაზარალებული კურიერს უყვებოდა, რომ თავდასხმას კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები შეესწრნენ, თუმცა, მომხდარზე მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.
მისი განცხადებით, ძმები მიქაძეები პოლიციის დავალებებს ასრულებენ.
„მანუჩარ მამსიაშვილმა, როგორც გამოვედი ციხიდან, მითხრა, 20 დღეში დატოვებ ქვეყანასო. არ დატოვებ და მიქაძეებს მოგიგზავნი და ნახავ, რასაც გიზამენო. რატომ უნდა დამეტოვებინა? ზონდერი ძმები მიქაძეები არიან, პოლიციის დავალებას ასრულებენ. მოვარდნენ, მცემეს იარაღებით. ფარცხალაძესთან ერთად რომ იყო, პოლიციის დავალებებს ასრულებენ. პოლიცია იქ იყო, უყურებდა, არავინ არ ჩარეულა,“ - განაცხადა დავით გულიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






