ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში ჰესის შესასვლელთან ადგილობრივებმა ღამე გაათენეს. მათ ამ გზით ჰესის შესასვლელი გადაკეტეს, რათა ღამის განმავლობაში იქ მძიმე ტექნიკა არ შესულიყო.
მოსახლეობა ხელისუფლებისა და კომპანიისაგან 6-პუნქტიანი გეგმის შესრულებას ითხოვს. მარადიდელები პოზიციების დათმობას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„არ დავიშლებით, სანამ არ გადაწყდება ჩვენი სოფლის მდგომარეობა,“- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემაც გააკეთა.
„გამოუშვეს მოჭარბებული წყალი თურქეთის ჰესიდან და აქ რაღაც ტექნიკური ხარვეზი ჰქონდათ, როგორც მე ამიხსნეს. დავიწყებთ თუ არა ზარალი ამის შესწავლას და და თუ არის რა ზარალია მიყენებული მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურაზე. მოეთხოვება კომპანიას და გატარდება ყველა კანონით გათვალისწინებული სანქცია,“- აცხადებს ვარდმანიძე.
ვითარება გუშინ სოფელში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მდინარე ჭოროხმა დასახლება დატბორა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლები საფრთხეშია და სოფლის დატბორვას ჰესის მშენებლობას უკავშირებენ.
მასალის გამოყენების პირობები






