თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ქალაქში გასვლამდე ყველა ავტობუსის ტექნიკური შემოწმება ხდება.
თამაზ რობაქიძე ამბობს, რომ ავტოპარკი მოძველებულია, თუმცა ტექნიკურ გაუმართაობას კატეგორიულად უარყოფს.
„ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება და დადგინდება ზუსტი მიზეზები, თუ რამ გამოიწვია შემთხვევა. ზოგადად, ტრანსპორტი როცა ავტობაზიდან გამოდის, უსაფრთხოების სისტემებზე შემოწმებას გადის. ამ ავტობუსს 2018 წლის ნოემბერში გავლილი აქვს ტექდათვალიერება, შესაბამისად ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს. ავტობუსები ყოველ დილას მოწმდება მუხრუჭსა და სხვა სისტემებზე“,-აცხადებს თამაზ რობაქიძე.
წყნეთში, მუნიციპალური ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეებს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი. დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






