როგორც ირკვევა, მსჯავრდებულს ადვოკატმა საქაღალდე ესროლა. სპეციალური პენიტენციური სამსახურში "ნიუპოსტს" განუცხადეს, რომ ყოფილ ადვოკატთან შეხვედრა მსჯავრდებულმა მოითხოვა, მისი დანახვის შემდეგ კი აგრესიული გახდა.
"სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ 2019 წლის 10 იანვარს N8 პენიტენციური დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული, ირაკლი თათრიშვილი მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ გიორგი ბერიძესთან შეხვედრის მიზნით მე-3 სარეჟიმო კორპუსიდან გადაყვანილ იქნა N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული შენობის მე-4, ე.წ. საგამოძიებო სართულზე. 16:42 საათზე შეყვანილ იქნა შეხვედრების N10 ოთახში, სადაც მას ელოდებოდა ადვოკატი. დაახლოებით 16:56 საათზე ადვოკატმა გიორგი ბერიძემ, მსჯავრდებულ ირაკლი თათრიშვილის თხოვნით, შეხვედრების ოთახში მიიწვია ადვოკატი გიორგი მდინარაძე, რომელიც მე-4, ე.წ. საგამოძიებო სართულის დერეფანში იმყოფებოდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის მიზნით. მდინარაძის შესვლის შემდეგ, მსჯავრდებული მოულოდნელად გახდა აგრესიული და ადვოკატ გიორგი მდინარაძისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაიწყო, რის საპასუხოდაც მდინარაძემ თათრიშვილს საქაღალდე ესროლა, რომელიც მსჯავრდებულს მსუბუქად მოხვდა თავის არეში. ხმაურზე დაწესებულების თანამშრომლების მიერ მოხდა მყისიერი რეაგირება და მდინარაძესა და თათრიშვილს შორის კონფლიქტი აღარ გადაზრდილა ფიზიკურ დაპირისპირებაში (აღნიშნულ ოთახში ხორციელდება 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა).
მორიგე ქირურგმა დაუყოვნებლიც განახორციელა როგორც ირაკლი თათრიშვილის, ასევე, გიორგი ბერიძისა და გიორგი მდინარაძის შემოწმება-დათვალიერება. სამედიცინო ცნობების თანახმად, არც ერთ მათგანს, გარეგანი დათვალიერებით, ტრავმული დაზიანება არ აღენიშნებოდა. მსჯავრდებულ ირაკლი თათრიშვილის განმარტებით, მისი ყოფილი ადვოკატის, გიორგი მდინარაძის მიმართ აგრესიული ქმედების მიზეზი გახდა ის, რომ იგი უკმაყოფილოა მისი საადვოკატო მომსახურებით.
ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და ფაქტზე დაწყებულია გამოძიება"- აცხადებენ უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები






