ჩინელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მთვარეზე აღმოცენებული ბამბის თესლი უკვე დაიღუპა. მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ მცენარის თესლი გაღვივდა, რაც ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომ მცენარემ დედამიწის გარეთ, ციურ სხეულზე გაიხარა, მეცნიერებმა დაასრულეს ექსპერიმენტი და კვება დისტანციურად გამორთეს.
მცენარის თესლი იმყოფებოდა ჩინური აპარატის Chang'e 4 სპეციალურ კონტეინერში. მას შემდეგ რაც ზონდი მთვარის ჩვენთვის უხილავ მხარეს დაჯდა, ავტომატურად გააქტიურდა ავტონომიური ბიოსფერო, რომელიც თესლის გაღვივებისათვისა და ხილის ბუზის კვერცხების გამოჩეკისთვის სპეციალური მცირე ეკოსისტემის შექმნას უზრუნველყოფდა.
ამ ხერხით, მეცნიერებს შესაძლებლობა ექნებოდათ შეესწავლათ, როგორ რეაგირებს იგი გარემოზე, სადაც მაღალი რადიაცია და მცირე გრავიტაციაა. ამ ექსპერიმენტის წარმატებით დასრულება მთვარის მომავალ კოლონისტებს საშუალებას მისცემდა თვითონ გაეზარდათ საკვები უდაბურ ციურ სხეულზე.
პროფესორი სე გენ სინმა, რომელიც ექსპერიმენტს ხელმძღვანელობდა, CNN-ს განუცხადა, რომ კვების დისტანციური გამორთვის შემდეგ, ტემპერატურა ბიოსფეროს შიგნით ძალიან არამდგრადი და უკიდურესობებში გარდამავალი გახდა, რამაც განაპირობა გაღვივებული თესლების დაღუპვა.
"ჩვენ გვქონდა ორი სპეციალური დისკო, რომელსაც ტემპერატურის კონტროლი უნდა მოეხდინა, მაგრამ სამწი=უაროდ ტემპერატურამ 30 გრადუსს გადააჭარბა, რამაც მცენარის დაღუპვა განაპირობა," - აცხადებს პროფესორი.
მიუხედავად ამ ფაქტისა, პროფესორი ექსპერიმენტს წარმატებულად თვლის.
თავის მისიას აგრძელებს მოდული Chang'e 4-ც, რომელმაც მთელი რიგი გამოკვლევები უნდა ჩაატაროს მთვარეზე.
მასალის გამოყენების პირობები






