უპირველეს ყოვლისა, ორივე ქვეყანა მთვარეს განიხილავს როგორც ერთგვარ სატესტო პლაცდარმს, სადაც გამოიცდება ის ტექნოლოგიები, რომელიც შემდგომ მარსზე გაფრენისთვის იქნება საჭირო. დღეს ასტრონავტებისა და მეცნიერების წინაშე უფრო ფართო ამოცანები დგას, ვიდრე უბრალოდ ამა თუ იმ კოსმოსურ სხეულზე დაფრენა და დროშის ჩარჭობა.
პირველად, მთვარის ორბიტაზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის შექმნის შესახებ საუბარი 2016 წელს დაიწყო, კოსმოსური ხომალდების მშენებლობის საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ. 2017 წლის სექტემბერში NASA-მ და "Роскосмос"-მა ეს გეგმები ოფიციალურად დაადასტურეს და ხელი მოაწერეს მემორანდუმს მთვარის სადგური LOP-G-ს ერთობლივი შექმნის შესახებ, რომლის შლუზის მოდულიც რუსეთს უნდა დაემზადებინა. მშენებლობა, შეთანხმების თანახმად, 20-იანი წლების შუახანებში უნდა დაწყებულიყო. სადგურის აშენებას თან უნდა მოჰყოლოდა მთვარის შატლებისა და სხვა სისტემების შექმნა, რომელიც კოსმონავტებსა და რობოტებს მთვარეზე ჩაიყვანდა. არ გამოირიცხებოდა მთვარის ბაზის შექმნა, რომელშიც მუდმივად დასახლდებოდნენ ადამაინები.
თუმცა, როგორც ყოველთვის, 2018 წლის დასაწყისში ეს პროცესი ჩიხში რუსეთმა შეიყვანა - როსკოსმოსის ხელმძღვანელის დიმიტრი როგოზინის განცხადებით, რუსეთს არ მოეწონა მისი როლი ამ პროექტში.
NASA-ს ახალი ხელმძღვანელი ჯიმ ბაიდერსტაინი გასული წლის ოქტომბერში შეეცადა ეს დაბრკოლებები გადაელახა. იგი ესტუმრა "Роскосмос"-ს და "ბაიკონურს. მან განაცხადა, რომ LOP-G-ს შექმნაში აუცილებელია არამარტო რუსეთის, არამედ ევროპული კოსმოსური სააგენტოსა და სხვა კოსმოსური ქვეყნების ჩართვაც. ბაიდერსტაინის აზრით მთვარე და მისი სადგური უნდა იყოს ე.წ. Open Source (ღია სივრცე) ყველა მოთამაშისთვის. დაიგეგმა საპასუხო ვიზიტიც, მაგრამ რადგან როგოზინი აშშ-ის სანქცირებულთა სიაშია, ის ჩაიშალა. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ როგოზინი NASA-ს ხელმძღვანელს კვლავ რუსეთში ეპატიჟება.
დღეისთვის საკითხი ასე დგას, მოხდება თუ არა მსოფლიოს წამყვანი კოსმოსური სახელმწიფოების შეთანხმება, ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და ჩინეთის ჩართულობით, თუ როგორც პოლიტიკაში, აქაც დაიწყება "გამალებული ბრძოლა კოსმოსისთვის" და მის ათვისებას ყველა თვისი მეთოდებით შეეცდება.
(სურ. 27 ივლისი, 2018 წ. დედამიწის ცაზე მთვარე და მარსი ერთი ზომისად ჩანან - კოსმოსური მოვლენა, რომელიც 35 000 წლის განმავლბაში ერთხელ ხდება).

მასალის გამოყენების პირობები






