გავრცელებული ინფორმაციით თბილისის, 71-ე საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმის დროს პიროტექნიკა გამოიყენეს, რის გამოც მსუბუქი დაზიანება მიიღო მცირეწლოვანმა. როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ პირველ არხს განუცხადა. თბილისის N71-ე საჯარო ბაგა-ბაღში პიროტექნიკის ამოქმედების შემთხვევაზე მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა. ასევე, გვანცელაძის თქმით, ბაღის ადმინისტრაციისგან აქვს ინფორმაცია, რომ პიროტექნიკა ბაღში მშობელმა მიიტანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის N71-ე საჯარო ბაღში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევა კრწანისში 26 დეკემბერს მოხდა. ამავე დღეს დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკით დაშავებული მცირეწლოვანი შეიყვანეს. თუმცა, კლინიკაში არ აზუსტებენ, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი, 71-ე საჯარო ბაღში მომხდარ ფაქტს. დამწვრობის ცენტრში განაცხადეს, რომ ბავშვს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა და კლინიკიდან იმავე დღეს გაწერეს.
რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით N71-ე საჯარო ბაღში მომხდარ ინციდენტს ასახავს, ჯერჯერობით დადგენილი არაა, ნამდვილად თბილისში მომხდარი ფაქტის ამსახველი კადრებია თუ არა მასში. რუსულმა და უკრაინულმა მედიამ აღნიშნული ვიდეო წინა დღეებში გაავრცელეს და იქ მითითებული იყო, რომ ფაქტი ყაზახეთის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






