დღეს მოსამართლემ წავკისში, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა, მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებულ სამივე პირს, მამა-შვილ გიორგი და აბულაძეებს და ანრი ყურაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროცესის დასრულების შემდეგ, განცხადება გააკეთა საქმის პროკურორმა და თქვა, რომ გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილიდან დანა ამოიღეს, რომელზეც სისხლისმაგვარი კვალია აღმოჩენილი.
გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით, სისხლისმაგვარი ნივთიერება აღმოჩნდა იმ ავტომობილში, რომლითაც ბრალდებულები წავკისში მოვიდნენ.
“სამივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათ შორის, ორი, გიორგი აბულაძე რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისათვის არის დაკავებული, ასევე ანრი ყურაშვილი, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობაზეა პასუხისგებაში მიცემული, მათ დატოვეს თბილისი და აჭარის მიმართულებით წავიდნენ, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ისინი ცდილობდნენ საქართველოს საზღვრის დატოვებას“- განაცხადა ბრალდების მხარის წარმომადგენელმა.
პროკურორმა აღნიშნა, რომ დაპირისპირება 23 დეკემბერს, 20:50 საათზე მოხდა.
ორი ადამიანის მკვლელობისა და 2 ახალგაზრდას დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი განზრახ მკვლელობას გამორიცხავს და ამბობდნენ, რომ მამა-შვილი თავს იცავდა.
გელა ტყეშელაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ბრალს არ აღიარებენ.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არ აღიარებენ დანაშაულს, რადგან ეს ყველაფერი ასე არ მომხდარა. მათ დახვდნენ, ისინი ჩიხში მოიმწყვდია არაერთმა ადამიანმა. ბრალდების დადგენილებაში კი მხოლოდ სამი ადამიანი წერია. როდესაც მათ 15 ადამიანი სცემდა და 10 გვერდში ედგა. თავად დაინახეთ, აბულაძეები როგორი ნაცემები არიან. ბრალდებულები თავს იცავდნენ”- ამბობს ტყეშელაშვილი და საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შემდეგ ისნტანციაში გაასაჩივრებს.
წავკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანრი ყურაშვილის ადვოკატმა გიორგი სიმონიშვილმა კი ჟურნალისტებთან სკანდალური განცხადება გააკეთა.
ადვოკატი ირწმუნება, რომ ახალგაზრდამ დაჭრისა და მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა.
რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, სიმონიშვილი აღნიშნავს, რომ მკვლელობამდე „რაღაც შემთხვევას ჰქონდა ადგილი“ რასაც ვერ გააჟღერებს.
„თუ გავყვებით პროკურორის ნათქვამს, რომ შურისძიების მოტივი წარმოიშვა, ესე იგი კონკრეტულ შემთხვევამდე რაღაც სხვა შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რასაც დაცვის მხარე ჯერ-ჯერობით ვერ გააჟღერებს, რადგან ვერსიებზე ვმუშაობთ. შესაძლებელია ეს იყო ჩხუბი, სადაც ბრალდებულები დაზიანდნენ და აქედან გამომდინარე მათ შესაძლოა, აღენიშნებოდათ სისხლის კვალი. შესაძლოა, მანქანაშიც ამიტომ იყო ეს კვალი , - ამბობს ადვოკატი.სამის მასალების თანახმად, დანაშაულის ჩადენის მოტივი გახდა მხარეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტი. კერძოდ, 22 დეკემბერს, წავკისი-ტაბახმელას საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მხარეებმა მეორე დღეს შეხვედრა დაგეგმეს და ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციას არ შეატყობინეს.შეხვედრა საღამოს, დაახლოებით, 20:00 სთ-ზე შედგა. მხარეებს შორის საუბარი ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.გარდა ამისა, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის შემსწრე 1 პირი – 1993 წელს დაბადებული ა.ყ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთას და თურქეთის მიმართულებით გაქცევას ერთ-ერთ ბრალდებულთან – გ.ა-სთან ერთად ცდილობდა, რა დროსაც ისინი პოლიციამ შეაჩერა და განყოფილებაში გადაიყვანა. ა.ყ.-ს გამოკითხვისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ იგი მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






