შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გაჩიანის სასაფლაოზე დამალული ნარკოტიკის მოსაძებნად რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი პარლამენტარი იმყოფებოდა.
შსს-ში "ნიუპოსტს" განუცხადეს, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გაჩიანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოლო 5 დღის განმავლობაში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 6 პირი დააკავეს.პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, გაჩიანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის შესაძლო ფაქტების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, ბოლო 10 დღეა პატრულირებენ. სამართალდამცველები 24 საათიან რეჟიმში პატრულირებას განაგრძობენ და შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ყველა შესაძლო ფაქტი ოპერატიულად იქნება აღკვეთილი"- აცხადებენ შს სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები






