ია მეტრეველის თქმით, დავით მგელიაშვილმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოსამართლეს, ნამდვილად სამართლიანი იყო. აქ ვინც მოაწყეს, კივილი, წივილი და უბედურება, მე მათ მინდა ვუთხრა: ნეტავ, ჩემი შვილიც ცოცხალი იყოს, 5 წელი კი არა, 20 წელი ჰქონდეს მისჯილი, ოღონდ ვიცოდე, რომ სადმე სუნთქავს. ეს ადამიანები კი რას წივიან და კივიან გაუგებარია. იმხელა დანაშაული აქვთ ჩადენილი და იმის ნაცვლად, რომ თავის ფეხით წასულიყვნენ ციხეში, მოენანიებინათ და ცოდვა მოეხსნათ, აქ ანგრევენ ყველაფერს. პროკურორი დააზიანეს, რაღაც ესროლეს და საფეთქელთან ასცდა... ამ ავაზაკებმა ჩემს შვილს ჯერ სიცოცხლე წაართვეს, და შემდეგ ბანდიტად გამოაცხადეს... 15 წელია ვიბრძვი სიმართლისთვის. მინდა საზოგადოებას მივულოცო ეს დღე, რადგან ჩემი აზრით, დღეიდან ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა მკვიდრდდება. დარწმუნებული ვარ ასე გაგრძელდება"- თქვა ია მეტრეველმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილ უფროსს პატიმრობა 5 წლითად და სამი თვით მიუსაჯეს. გურამ დონაძე დამნაშავედ 332 მუხლით იქნა ცნობილი.
ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმეში გამოძიება დონაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მის გარდა დამნაშავედ იქნენ ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც
მოსამართლის განცხადებით, ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნობილია 332 მუხლით და მიესაჯა 5 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
დავით იაშვილი – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზურაბ მიქაძე 5 წლით და 3 თვით.
ზაზა ბაქრაძეს, რომელიც დანაშაულს აღიარებდა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანადებობის დაკავების უფლება.
გურამ დონაძე, ირაკლი ფირცხალავა, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






