თურქეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს, 2-ზე კი ძებნაა გამოცხადებული. თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი ოთხკაციანი დაჯგუფება სტამბოლში მოქმედებდა.
ერთი შემთხვევა 16 ნოემბერს გაზიოსმანფაშას რაიონში მოხდა. დაჯგუფების წევრები ბიზნესმენს უთვალთვალებდნენ, რომელმაც ბანკიდან ფული გამოიტანა და როდესაც ის მეგობრის ავტომობილიდან გადმოვიდა, თავს დაესხნენ. რკინის საბურღით დაჭრეს და 111 ათასი თურქული ლირა გასტაცეს.
მორიგი ძარცვა 29 ნოემბერს სულთანგაზის რაიონში მოხდა. დაჯგუფების წევრები ამჯერად საიუველირო მაღაზის მეპატრონეს ჰასან კ-ს უთვალთვალებდნენ. ღამით მაღაზიის დაკეტვის შემდეგ მას თავს 4 პირი დაესხა. ინციდენტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, სადაც ჩანს რომ თავდასხმას შეესწრო სამართალდამცავი, რომელიც ინციდენტში ჩაერია, თავდამსხმელებმა გაქცევა ავტომობილით სცადეს, რომელსაც პოლიციელმა გაჩერების მიზნით ცეცხლი გაუხსნა.
როგორც თურქული მედია წერს ჯონი კ. დანაშაულის ადგილზე დააკავეს, მოგვიანებით დააკავეს გიორგი ა. ამ დროისთვის პოლიციას დაჯგუფების 2 წევრზე ძებნა აქვს გამოცხადებული.
მასალის გამოყენების პირობები






