უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ დაკავებულებს პოლიტიკურ პროცესებთან კავშირი არ ჰქონდათ და საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ დევს და არსებობს მხოლოდ ერთი კონფიდენტის ოპერატიული ინფორმაცია.
„ჩვენმა დაცვის ქვეშ მყოფებმა მოისმინეს ბრალის არსი და დააფიქსირეს, რომ ეს აბსურდია და არ ეთანხმებიან. იარაღი ჩადებულია და საქმე ფალსიფიცირებულია. ხელი იმიტომ არ მოაწერეს, რომ თავს უდანაშაულოდ ცნობენ. საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. გამოძიება დაიწყო კონფიდენტის, “იქს” პიროვნების მიერ მიწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. ეს ოპერატიული ინფორმაციაა და კანონმდებლობით პოლიციელებს აქვთ უფლება, რომ არ გაამჟღავნონ აღნიშნული პიროვნება.
ჩვეულებრივი მოქალაქე ასეთ ინფორმაციას ნამდვილად არ ფლობს. ბრალდებულებს ცალსახა პოზიცია აქვთ. ჩამოვიდნენ ტურისტული მიზნით, ბევრი ჩვენი ქართველი მეომარი არის მათი მეგობარი. უნდა დაეთვალიერებინათ საქართველო, სხვა მიზანი არ ჰქონდათ. ლუკა ჩხეტია მეგობრებთან ერთად იყო და გიდის როლს ასრულებდა ამ ბიჭებისთვის. დაკავებამდე აპირებდნენ წასულიყვნენ სამეგრელოში, ლუკას ოჯახში, რათა სიურპრიზი გაეკეთებინათ, იქ იგეგმებოდა ქეიფი და მოლხენა. შუამდგომლობას დავაყენებთ, რომ აღკვეთის გარეშე დატოვონ“, - განაცხადა ადვოკატმა.
დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






