ჩინელი მილიარდერი, მსოფლიოს ერთერთი მსხვილი ინტერნეტკომერციული კომპანია Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრია. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის კომპარტიის გაზეთ "ჟენმინ ჟიბაოშია" გამოქვეყნებული.
გაზეთმა გამოაქვეყნა 100 ადამიანის სია, რომელთაც ყველაზე დიდი წვლი შეიტანეს ჩინეთის ეკონომიკის განვითარებაში, ქვეყანაში რეფორმებისა და ღია პოლიტიკის გატარებაში. ამ სიაში ჯეკ მა კომპარტიის წევრად არის მოხსენიებული.
მას პირადი ქონება 36,6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ყველაზე მდიდარ ჩინელთა სამეულში შედის, ხოლო Alibaba მსოფლიოს ყველაზე მსხვილ კომპანიათა ათეულშია საბაზრო ღირებულების მიხედვით.
როდის გახდა მა კომპარტიის წევრი, გაზეთი არ აზუსტებს. უკანასკნელი ცნობებით, მას სურს ბილ გეითსს მიბაძოს და ძირითადად ქველმოქმედებით დაკავდეს.
კომპანია Alibaba არის ვებპორტალ Alibaba.com-ის მფლობელი, რომლის ძირითადი საქმიანობაა კომპანიებსა და კერძო პირებს შორის სავაჭრო ოპერაციების განხორციელება B2B-ის მეთოდით, ასევე საცალო ვაჭრობა. იგი ძირითადადა ჩინურ ბაზარზე ოპერირებს და 2014 წლის 19 სექტემბრის მონაცემებით, მისი საბაზრო ღირებულებაა 231 მილიარდი დოლარი.
მასალის გამოყენების პირობები






