რა შემთხვევაშია ფულის დაკარგვა უბედურების მაუწყებელი და როგორ ავიცილოთ თავიდან სერიოზული ფინანსური გარღვევები
ეს საინტერესოა - 11:37, 20 Nov, 2018     5422
ფული ვის არ დაჰკარგვია... და ელდაც სცემია ამის გამო. მაგრამ, იცოდით, რომ ამ, ერთობ უსიამოვნო შემთხვევას, შეიძლება, ფრიად სასიხარულო ამბავი მოჰყვეს? ალბათ, არა, ან თუ იცოდით, ძალიან ცოტამ. ჰოდა, ახლა გავარკვევთ, ხალხური გადმოცემების სკივრიდან, რის გადმოლაგება მოგვიწევს იმ დანაკარგის საზღაურად, რომელიც მხოლოდ ჯიბიდან შემთხვევით ამოვარდნილ კუპიურებსა და მონეტებს კი არა, მოპარულსა და დაყაჩაღებულსაც ეხება, რაც არცთუ იშვიათია ჩვენს რეალობაში. მოკლედ, ფულის დაკარგვის მრავალი მიზეზი არსებობს და თუ მინიშნებებს დავუჯერებთ, ეს ყოველთვის ერთი და იმავეს არ მოასწავებს. ამიტომ, ზუსტად რომ გავიგოთ, როდის რა გველოდება ფულადი დანაკარგის შემთხვევაში და შესაბამის ზომებს მივმართოთ, მოვუსმინოთ სპეციალისტს. ყოველივეს აგვიხსნის ეზოთერიკოსი, ბატონი სანდრო მ.

– ესე იგი, ფული თუ დავკარგეთ ან მოგვპარეს, ძალიანაც არ უნდა ვინერვიულოთ?

– ასეა, თუ ერთ ძველ გამოთქმას გაითვალისწინებთ: დღეს დაკარგე? ხვალ ორჯერ მეტს იპოვიო. ისე, ძნელია, იპოვო ადამიანი, ვისაც ფული ერთხელ მაინც არ დაუკარგავს, რაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არავისთვისაა, მით უმეტეს, თუ თანხა სოლიდურია. თუმცა, ხალხური გადმოცემები სულ სხვა რამეს გვეუბნება: ფულის დაკარგვას მალე შემოსავალი მოჰყვება – გამოჩნდება მისი გაზრდის საშუალება ან მომგებიანი ერთჯერადი სამუშაო. თუმცა, მომავალი წარმატება ყოველთვის ფულს არ გულისხმობს, ბედის ეს საჩუქარი შეიძლება, ეხებოდეს გამართლებას სიყვარულსა და ურთიერთგაგებაში, იღბალს, ან ჯანმრთელობას. თუმცა, მთლად იმის იმედზეც ნუ იქნებით, ფული დავკარგე და ავშენდებიო – სიტუაციას გააჩნია. მაგალითად, თუ ფულის დაკარგვა არცთუ ისე ცუდია, საფულის დაკარგვა მატერიალურ სიძნელეებსა და პრობლემებს შეგიქმნით. თან, ეს საფულე თუ სახლში ან მანქანაში დაგრჩათ, ახლო მომავალში გაუთვალისწინებელი და იძულებითი, სერიოზული ფინანსური გარღვევა გელოდებათ.

– ფულის პოვნა რაზე მიგვანიშნებს?

– ფულის პოვნას ორგვარი ახსნა აქვს. ძველად მიიჩნევდნენ, რომ ეს ღმერთის წყალობა იყო, რომელმაც შეისმინა თქვენი ვედრება და ფული გაპოვნინათ. ამიტომაც ის თქვენი კუთვნილებაა. დღეს კი ყველამ იცის, რომ მონეტების საშუალებით ჯადოს აკეთებენ და ავადმყოფობასა და ცხოვრებისეულ სირთულეებს უქმნიან სხვებს. თუმცა, ფულის პოვნა-დაკარგვის შესახებ მინიშნებებში მაინც არის რაღაც საერთო: რაც უფრო მსხვილია თანხა, შესაბამისად, მით მეტია პრობლემაც და ჯილდოც. მაგრამ, თუ ფული დაკარგეთ, მერე კი იპოვეთ და დარწმუნებული ხართ, რომ ეს ნამდვილად თქვენია, მისი აღება შეიძლება და თან, ბედსაც გწევთ. ასეთ შემთხვევაში, რაც მეტია თანხა, მით უფრო გრანდიოზულია წარმატებაც.

ხომ შეიძლება, დაგეკარგათ გაცილებით ღირებული რამ, ვიდრე ფასიანი კუპიურებია. უნდა გიხაროდეთ, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი ხართ. დანაკარგზე კი არ ინაღვლოთ და ფული ისევ დაბრუნდება თქვენთან. ვთქვათ, რაიმეს საყიდლად მიდიოდით და გზაში ფული დაკარგეთ. რა თქმა უნდა, განიცდით, მაგრამ იქნებ განგებამ ამით უფრო მეტ ზიანს აგარიდათ, რომელიც გელოდათ საქონლის უხარისხობის ან მომსახურების სხვა ნაკლოვანებათა გამო. ამიტომ არ ღირს ასეთ ზარალზე წუხილი. ეს ჰიპოთეტური და ახლა ცოცხალ მაგალითზე გიამბობთ, რაც ჩემი მეგობრის ოჯახში მოხდა. ფინანსური პრობლემების გამო, ადრე საკმაოდ ძლიერ ოჯახს, შემორჩენილი ერთადერთი ქონების – ბინის გაყიდვა მოუწია. გაუჭირდათ და შესაბამისად, უზარმაზარი ბინა, პრესტიჟულ უბანში დათმეს და გაცილებით ნაკლებში გადავიდნენ. მოგეხსენებათ, გადაბარგებას რა აურზაური მოსდევს და ამ არეულ-დარეულობაში, მთელი ოქროს საგვარეულო სამკაულები, რასაც განსაკუთრებით დაჰკანკალებდნენ და ვერც გაჭირვებამ გაამეტებინათ გასაყიდად, სადღაც გაქრა. ატყდა ერთი ამბავი, ჩაერია პოლიცია, ბევრიც იდარდეს, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ჰოდა, ერთ დღესაც შეკრიბა ბებიამ ოჯახის ყველა წევრი და გამოაცხადა: მორჩა, დღეიდან აღარავის წუწუნი და მოთქმა აღარ იქნება ამ საკითხზე, პირიქით, ღმერთს მადლობა შევწიროთ, რომ ძვირფასეულობა წაიღო და არა რომელიმე ჩვენგანის ჯანმრთელობა ან სიცოცხლე. ესე იგი, რაღაც საშინელება გველოდა წინ და ამ ძვირფასეულობით თავი გამოვისყიდეთ – აწი ნამდვილად გაუმართლებს ჩვენს ოჯახსო. თქვენ წარმოიდგინეთ და იმ დღიდან მართლაც კარგად წავიდა მათი საქმე. ჩემი მეგობარი კი, სულ ამბობს: არასოდეს დამავიწყდება ბებიაჩემის ის ფრაზა და ყოველთვის მშველის მსგავს სიტუაციებშიო.

– ესე იგი, ჩადენილი ცოდვებისთვისაც შეიძლება, ფულადი დანაკარგით ვზღოთ?

– თუ მსხვილი თანხა დაკარგეთ, თქვენი სახლი გაქურდეს ან ყაჩაღობის მსხვერპლი გახდით, კარგად დაფიქრდით – დაკარგული ქონების მოსაპოვებლად, თავის დროზე არაკეთილსინდისიერად ხომ არ მოიქეცით ან უფრო მეტიც, ბოროტება ხომ არ ჩაგიდენიათ? თუ პასუხი დადებითია, გამოდის დანაკარგი თქვენი სასჯელი ყოფილა. არცერთი ბოროტება ამქვეყნად დაუსჯელი არ რჩება. ასევე მოგიწევთ, საზღაურის გადახდა: თუ მეგობარს უჭირდა და ფული არ ასესხეთ, როცა თავად ნამდვილად არ განიცდიდით ხელმოკლეობას; ანდა ხელს არ უმართავთ ღარიბ ნათესავებს. აუცილებლად დადგება დრო, როცა მოგიწევთ, სინდისს უხმოთ. გახსოვდეთ, სიძუნწე და არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვებული ფული ბედნიერებას ვერ მოგიტანთ. ეს გაიხსენეთ, როცა ფულს დაკარგავთ და შეეგუეთ იმ აზრს, რომ თანხა წავიდა მასთან, ვისაც ის თქვენზე მეტად სჭირდება. ის სამართლიანად იმსახურებდა დახმარებას სამყაროსგან. ამას გარდა, სერიოზული დანაკარგი გათვალვის შედეგიც შეიძლება, იყოს. განსაკუთრებით აშკარაა ეს, თუ მცირე ან შედარებით მსხვილ თანხას ხშირად კარგავთ.|




წყარო: ჟურნალი "თბილისელები".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42