„ვიცით, რომ შსს-მ დაიწყო გამოძიება. შემიძლია გითხრათ, რომ ამ სახელითა და გვარით ნამდვილად ყავს „ქართულ ოცნებას“ ადიგენის საკრებულოში მაჟორიტარი წევრი. რაც შეეხება მიმოწერას, ეს გამოძიების საკითხია და მათ უნდა დაადგინონ, ნამდვილად ის წერდა არასრულწლოვანს გზავნილებს თუ არა“ - უთხრა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა გრეტა წიწავამ რადიო თავისუფლებას.
შსს-მ ამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მას შემდეგ დაიწყო, რაც 4 ნოემბერს, ინტერნეტში გავრცელდა ე.წ. “სქრინშოთი”, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცი, 15 წლის გოგონას გარყვნილი შინაარსის გზავნილს წერს. მის ფეისბუქ პროფილზე მითითებულ მონაცემების მიხედვით კი ის ადიგენის მუნიციპალიტეტის მოხეს მაჟორიტარი დეპუტატია.
4 ნოემბრის საღამოს, მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლება შეეცადა ამ პირთან დაკავშირებას, მან ჯერ ფეისბუქ პროფილის ინფორმაცია შეცვალა, მოგვიანებით კი მთლიანად გაუქმდა პირადი გვერდი.
ერთი დღის შემდეგ, რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მოწმის სახით უკვე გამოიკითხა სავარაუდო მიმოწერის ავტორი. ამჟამად კი პოლიცია ცდილობს დაადგინოს ვინ იყო მიმოწერის ადრესატი.
რადიო თავისუფლებას ესაუბრა ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი 5 ნოემბერს საკრებულოში არ მისულა, თუმცა, მისივე განმარტებით, დეპუტატების ყოველდღიური საქმიანობა არ ითვალისწინებს საკრებულოს შენობაში ყოფნას.
ადიგენის საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ რატი ტატალაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების შესახებ, პოლიტიკური პარტია უახლოეს სხდომაზე დააყენებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს.
წყარო: რადიო თავისუფლება
მასალის გამოყენების პირობები






