ზურაბ მარშანია, სექსოლოგი:
– სქესობრივი ჯანმრთელობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული ნორმაა და გულისხმობს ადამიანის უფლებას, იცხოვროს სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრებით. შესაბამისად, მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეს ცხოვრება. რაც შეეხება სექსუალურ ქცევას, რაც არის ქმედებებისა და ურთიერთობის სისტემა, რომელიც არეგულირებს სქესობრივი ლტოლვის, სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, ამერიკასა და ევროპაში ამ თემაზე არსებობს უამრავი კვლევა. არის ნოვატორული ფუნდამენტური ხასიათის ნაშრომი, რომლის ავტორია ამერიკელი სექსოლოგი ალფრედ კინზი. ამ კვლევამ სექსოლოგიაში რევოლუციური გარდატეხა მოახდინა. მცირე მასშტაბის კვლევები დროდადრო ჩვენთანაც ტარდება, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ. მაგალითისთვის მოვიყვან 2012 წელს ილიას უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარებულ კვლევას: სექსუალურობა თანამედროვე საქართველოში – დისკურსი და ქცევა. ამ კვლევის ფარგლებში, სხვადასხვა ასაკის, სოციალური ჯგუფის, საცხოვრებელი ადგილის მქონე ადამიანების გამოკითხვამ საინტერესო თემები წამოსწია წინა პლანზე. ჩვენი საზოგადოების პოლარიზაცია მხოლოდ პოლიტიკასა და არჩევნებთან მიმართებაში კი არა, სექსუალურ ქცევასთან დამოკიდებულებაშიც ჩანს. რადიკალურად განსხვავებულია სექსუალურ ქცევასა და მის შეფასებებს შორის მიდგომები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროვინციულ ქალაქებში პოპულარულია უფრო ტრადიციული შეხედულებები, სიმკაცრე პირად ცხოვრებაში, ქალწულობის ინსტიტუტის მიმართ. თბილისში ამ თემების მიმართ მკაცრი დამოკიდებულება აღარ არის, თუმცა ტრადიციული სექსუალური ცხოვრების მიმდევარიც ბევრია. შეკითხვაზე, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცებს დაუსვეს მთელი საქართველოს მასშტაბით: მოიყვანდნენ თუ არა ცოლად შეყვარებულ გოგონას, თუ გაირკვეოდა, რომ ის არ იყო ქალიშვილი? 68%-მა უარი განაცხადა. ეს არის მაჩვენებელი, რომელიც გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს.
– სექსოლოგები ამბობენ, რომ საქართველოში სექსის ნაკლებობაა, თქვენ იზიარებთ ამ მოსაზრებას?
– ასე ვერ ვიტყოდი, სექსი შეიძლება იყოს ბევრი და ძალიან ინტენსიური, მთავარია, რამდენად ხარისხიანი და ჰარმონიულია. სექსში მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. არ არსებობს სტანდარტი, ყველაფერი ინდივიდუალურია, თუმცა საშუალო სტატისტიკის მიხედვით, ეს შეიძლება იყოს კვირაში ორი სქესობრივი კონტაქტი. სქესობრივი კონტაქტების სიხშირე დამოკიდებულია სოციალურ მდგომარეობაზე, ინდივიდუალურ კონსტიტუციაზე. როცა ადამიანს იმის დარდი აქვს, რა აჭამოს ოჯახს, მას ვერ მოვთხოვთ, ჯეროვანი ყურადღება დაუთმოს ჰარმონიულ სექსს. ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ უსექსობა გვჭირს. საქართველოში სექსის ნაკლებობაზე მეტად, სქესობრივი განათლების ნაკლებობა გვჭირს, სექსის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება შიშნარევია, მით უმეტეს, როცა ეს სექსის გარშემო კვალიფიციურ საუბარს ეხება. ეს არის თემა, რაზეც ხმამაღლა არ ლაპარაკობენ. სწორედ ასე ვუწოდე ჩემს წიგნს, რომელიც გამოვიდა სახელწოდებით: „სამედიცინო სექსოლოგიის ნარკვევები“ და რომელიც სამეცნიერო სექსოლოგიაში პირველი ქართული წიგნია. ეს თემა, სამწუხაროდ, არც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, არც სახელმწიფოსი. სამი წელია, ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკურ სექსოლოგიაში სერტიფიკატი გააუქმა, ვინც მანამდე მოვახერხეთ ამ სერტიფიკატების მოპოვება, დავრჩით ამ დარგში, მაგრამ დღეს ახალგაზრდა ექიმმა რომ მოინდომოს კლინიკურ სექსოლოგიაში მუშაობა, ვერ შეძლებს. რა არის ამის შედეგი? შედეგი არის სექსუალური დისფუნქციებისა და სექსუალური დარღვევებით გამოწვეული დაავადებების ზრდა. მამაკაცებში ძალიან ხშირია ერექციული დარღვევები, იგივე იმპოტენცია. ქალებში ვაგინიზმი, საშოს კუნთოვანი სისტემის დარღვევა, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, ანორგაზმია. ეს უკანასკნელი, მაგალითად, დანიაში ქალების 20-25%-ს აქვს, ჩვენთან ეს გაცილებით მეტია – 60%-ს აღემატება. ასეთი პრობლემები სხვა ქვეყნებსაც ჰქონდათ. მაგალითად, გერმანიას, ჰოლანდიას, სადაც დღეს სექსუალური დისფუნქციები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჩვენთან. გერმანია, ჰოლანდია, სკანდინავიის ქვეყნები თავის დროზე საკმაოდ მკაცრი სექსუალური ქცევით გამოირჩეოდნენ, რაც ევოლუციასთან ერთად შეიცვალა. გამოყოფენ სექსუალური ქცევის ორ კულტურას – რეპრესიულსა და პერმისიულს. რეპრესიული კულტურა არის ტრადიციული, მკაცრი კულტურა, პერმისიული – უფრო ლიბერალური. ფაქტია, ჩვენ ჯერჯერობით კიდევ რეპრესიული სექსუალური ქცევის ხალხი ვართ. 30 წელზე მეტია, სექსოლოგი ვარ, ამ წლებში მოხდა კოლოსალური ძვრები. ამას საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე ვამბობ თამამად. დღეს სექსუალური ქცევის კულტურა უკვე შეცვლილია. ადრე ქართველ მამაკაცებს სექსი სახლშიც ჰქონდათ და გარეთაც. პრესტიჟულად ითვლებოდა მოდელი, როდესაც ქართველ ცოლიან მამაკაცს ჰყავდა სხვა სექსუალური პარტნიორიც, ჰქონდა შემთხვევითი სექსი, საკურორტო რომანი. ახლა ასე აღარაა, მით უმეტეს ახალგაზრდებში, ოჯახგარეშე სექსი პრესტიჟული აღარაა, ქალმაც და მამაკაცმაც ისწავლეს ოჯახური და ცოლქმრული ცხოვრების პერიოდში სექსისგან მეტი სიამოვნების მიღება, რის გამოც ოჯახგარეშე კავშირები აღარ ითვლება ქართველი მამაკაცების გატაცებად. დარჩა პატარა სეგმენტი, სადაც მძლავრობს მაჩო კულტურა, ეს ძირითადად ეხება მაღალი ანაზღაურების ადამიანებს, რომელთაც აქვთ მაღალი მატერიალური შეძლება. ასეთი მამაკაცები ირჩევენ კონტრასტულად განსხვავებულ ქალებს, რაც საკმაოდ ხშირია სამსახურებში. ეს არასასიამოვნო პრაქტიკა, რაც სოციალური ფაქტორითაა გამოწვეული, სამწუხაროდ, კიდევ არსებობს.
– ქართველებს გვაქვს სექსისადმი განსაკუთრებული ლტოლვა?
– არა! ვერც ერთ ერსა და ეთნიკურ ჯგუფს ვერ გამოვყოფთ ამ ნიშნით. ის, რომ სამხრეთელი ხალხი უფრო ტემპერამენტიანია, ვიდრე ჩრდილოელი, ან მუქი ფერის კანის ადამიანები უფრო გამოირჩევიან სექსისადმი ლტოლვით, ვიდრე თეთრი რასის ხალხი, იმ მითს ჰგავს, რომ საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო. სქესობრივი ფუნქცია ყველას ერთნაირი აქვს, მაგრამ ტემპერამენტი ინდივიდუალურია და ადამიანის კონსტიტუციური თავისებურებით აიხსნება. აქ მთავარია, რომ განსხვავებულია გამოხატვის საშუალებები. სამხრეთელი ადამიანის ემოციები უფრო მანიფესტირებულია, არ უჭირს კომუნიკაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სექსში. ჩრდილოელებს ამ მხრივ მეტად უჭირთ, ვიდრე ქართველებს, იტალიელებს, ესპანელებს, თორემ სკანდინავიელი ქალიც შეიძლება იყოს ტემპერამენტიანი.
– ასე, ქართველ ქალს ამ მხრივ პრობლემები არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ რეალურად ხომ ეს ასე არაა.
– ქართველი ქალი საკმაოდ სექსუალურია, ამ მხრივ საკმაოდ ფასობს. წინა საუკუნეებში უამრავი უცხოელი მოგზაური აღიარებდა ამას, ისინი ქორწინდებოდნენ ქართველ ქალზე და ეს ახლაც ასეა – ქართველ ქალებს მთელ მსოფლიოში ითხოვენ, მას ამ მხრივ სხვა სახის პრობლემები აქვს. ქართველი ქალი სექსუალურია, მაგრამ დაძაბული. ჩემი ახალგაზრდა პაციენტებისგან, რომლებიც წლებია, ემიგრაციაში არიან, ხშირად გამიგონია, რომ ცოლის მოსაყვანად საქართველოში ჩამოდიან. ისინი იქ ეჩვევიან თავისუფალ ქალებთან ურთიერთობას, სექსში დაძაბულ ქართველ ქალთან დისკომფორტი აქვთ, თუმცა ცოლის მოსაყვანად მაინც აქ ჩამოდიან. როგორც ცნობილია, სექსუალური ლტოლვა, ლიბიდო ქალს უფრო დიდხანს უნარჩუნდება, ვიდრე მამაკაცს, ზოგჯერ ქალს 55-60 წლის ასაკამდე უნარჩუნდება ლიბიდო. მამაკაცის ლიბიდო ამ ასაკში ძალიან დაქვეითებულია. განსხვავება მათ ფიზიოლოგიაში ძალიან დიდია. ევროპაში ქალი 60 წლამდე სექსუალურად აქტიურია, ჩვენთან ასე არაა – 55 წლის ქალს უკვე ერიდება სექსუალური ლტოლვის გამოხატვა, ამ ასაკში უკვე ბებიაა, სოციოკულტურული ფაქტორი მას უსაზღვრავს, რომ ინტენსიური სქესობრივი ცხოვრება ადრე უნდა დაამთავროს, იმიტომ კი არა, რომ ლიბიდო დაქვეითებული არ აქვს, რცხვენია. საქმე ასეა – ქალს შეუძლია სექსი და არ სურს, მამაკაცს სურს, მაგრამ არ შეუძლია. ამას გარდა, ქალები გაცილებით კონსერვატიულები არიან სექსში, ვიდრე მამაკაცები, რომლებიც მეტად უჭერენ მხარს თავისუფალ ურთიერთობებს სქესობრივ ცხოვრებაში. ჰარმონიული სექსი არის სექსი ქალსა და მამაკაცს შორის, რომელთაც ერთმანეთი უყვართ. სიყვარული ჰარმონიული სექსის აუცილებელი პირობაა. ხომ ვერ ვიტყვით, რომ სიყვარული თბილისში მეტია, ვიდრე სოფელში? ასე რომ, ვერ განვსაზღვრავთ ჰარმონიული სექსი სად უფრო მეტია. პრობლემა ის არის, რამდენად გახსნილია წყვილი სექსუალურ ურთიერთობაში, ამ თვალსაზრისით თბილისი წინ არის, ვიდრე რეგიონები.
– სექსუალური პრობლემები მამაკაცებში მეტია თუ ქალებში?
– დაავადებების მხრივ, ქალები უფრო მიეკუთვნებიან რისკ-ჯგუფს, ვიდრე მამაკაცები. ქალის სექსუალური ფუნქცია უფრო მოწყვლადია, თუ ქალის სხეულის სომატური ჯანმრთელობა უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცის, სექსუალურ ფუნქციების მხრივ პირიქითაა. ქალში უფრო მძიმედ მიმდინარეობს სექსუალური დისფუნქციები, სამკურნალოდაც უფრო ძნელია. ზოგადად, სექსუალური დისფუნქციების შესწავლა, წინა საუკუნეებში ჯერ მამაკაცებში დაიწყო და მოგვიანებით ქალებზეც გავრცელდა. ადრე ხომ მიიჩნევდნენ, რომ ქალს სექსუალურობა არ აქვს და მისი ფუნქცია ბავშვის გაჩენაა.
– რა ნიშნები მიუთითებს ადამიანებზე, რომ მათ არ აქვთ ჰარმონიული სქესობრივი ცხოვრება?
– ყველაზე მკაფიო ნიშანი არის ყალბი სირცხვილის გრძნობა. ჩვენს ქვეყანაში ქალებს სექსუალური დისფუნქციის დროს ჯერ კიდევ რცხვენიათ ექიმთან მისვლა. საზოგადოება, რომელსაც სექსი არ აქვს, რეალობას აცდენილია. ალბათობა იმისა, რომ ასეთი ადამიანი აგრესიული იყოს, არსებობს, თუმცა ამას ცალსახად ვერ ვიტყვით – აგრესიული ჰარმონიული სექსუალური ცხოვრების ადამიანიც შეიძლება იყოს. როდესაც ადამიანს არ აქვს ჰარმონიული სექსი, მისი ცხოვრების ხარისხი იკლებს, ის არ არის ბედნიერი, იტანჯება, ბოროტდება, უკმაყოფილების გრძნობა უჩნდება. ჰარმონიული სექსი მოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ადამიანები, ვინც რეგულარული ჰარმონიული სექსით ცხოვრობენ, უფრო დიდხანს ცხოვრობენ, განსაკუთრებით მაინც მამაკაცები. კვლევების მიხედვით, სტატისტიკურად მაღალია ონკოლოგიური, პირველ რიგში, ძუძუს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი იმ ქალბატონებში, ვისაც ეს პრობლემა აქვთ.
– განსაზღვრავს თუ არა სექსუალური ქცევის კულტურას ადამიანის სოციალური მდგომარეობა, ქონებრივი და გონებრივი ცენზი?
– ეს კავშირი პირდაპირპროპორციულია. სექსუალურ კულტურაში ბევრი საკლასიფიკაციო სისტემა არსებობს. მნიშვნელოვანია სოციუმი. ადრე ჩვენთან, ისევე როგორც შუა საუკუნეების ევროპაში, საერთოდ არ ეკითხებოდნენ ახალგაზრდებს, ვინ ვისზე უნდა დაქორწინებულიყო. ვერ ვიტყვი, რომ ქონებრივი ცენზი და სოციალური სტატუსი განსაზღვრავს სექსუალური ცხოვრების ხარისხს. ხომ გაგიგონიათ გამოთქმა – მდიდრებიც ტირიან, ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს მაღალი ქონებრივი ცენზი, ინტელექტუალური მონაცემები, მაგრამ არ ჰქონდეს ჰარმონიული სექსი და არ იყოს ბედნიერი. და ამ დროს ღარიბ ოჯახში ცოლ-ქმარს უფრო კარგად ჰქონდეს აწყობილი ეს თემა. ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა, როგორ ოჯახში აღიზარდა ადამიანი, რასთან იყო დაკავშირებული მისი ბავშვობა, ხომ არ ცხოვრობდა განსაკუთრებულ სიმკაცრეში. აქ იმის თქმა შემიძლია, რომ მაღალი სოციალური ცენზის ადამიანს მეტი რეზერვი აქვს, ეს პრობლემა გადალახოს.
– ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა სექსუალური ხასიათის დანაშაულები. ვინ არიან მოძალადეები, მათი ქმედება განპირობებულია სექსუალური ხასიათის პრობლემებით?
– იმის მიუხედავად, რომ საქართველოში სექსუალური ძალადობის ფაქტები ხდება, ვერ ვიტყვი, რომ ეს დანაშაულები ტენდენციად იქცა. ასეთი შემთხვევები ადრეც ხდებოდა, მაგრამ არ ხმაურდებოდა. რა თქმა უნდა, სექსუალურ მოძალადეს აქვს სექსუალური ხასიათის პრობლემები, პირველ რიგში, არასრულფასოვნების თვალსაზრისით. შესაძლოა, ბავშვობაში თავადაც იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ასეთი ადამიანი თავს გრძნობს დაჩაგრულად, მას ან არ ჰყავს პარტნიორი, ან ჰყავს, მაგრამ მაინც აქვს პრობლემები. ნებისმიერი ასეთი ტრავმა აგრესიის ალბათობას ზრდის. მოძალადე ადამიანის გამოსწორების შემთხვევები თითქმის არ არსებობს, მოძალადედ ჩამოყალიბება ხანგრძლივი პროცესია, შესაბამისად, მთლიანად მოიცავს ადამიანს. ეჭვგარეშეა, რომ სექსუალური პრობლემები ადამიანზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ადამიანს, რომელიც არაა წარმატებული სქესობრივ ცხოვრებაში, მეტი შანსი აქვს, იყოს უბედური, რაც აისახება კიდეც აგრესიაში სხვების მიმართ.
ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი:
– სქესობრივი ცხოვრება ძალიან მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე – ჩვენს ხასიათზე, ქცევაზე, გადაწყვეტილებებზე. თუ მამაკაცებში სექსუალური ცხოვრების ნაკლებობა მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე აისახება, ქალებში ეს პრობლემები ფიზიკურ პრობლემებამდე მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას. მამაკაცები უფრო მომგებიან პოზიციაში არიან, ისინი სექსში არ დებენ დიდ ფილოსოფიას, მათთვის ადვილია სექსუალური პარტნიორის ყოლა. ქალისთვის უფრო რთულადაა საქმე. რადგან ქალისთვის სექსუალური აქტი ერთგვარი ნდობის მანიფესტია, სექსის გარეშე სამყაროში საყრდენის გარეშე რჩება. ვერ ენდობა ადამიანებს, რაც დიდწილად მის გარეგნობასა და ქცევაზეც აისახება.
– რით გამოირჩევიან ასეთი ქალები?
– სექსუალური ცხოვრების დეფიციტი ვითარდება სტადიებად. პირველ ეტაპზე, ქალი, რომელსაც არ ჰყავს სექსუალური პარტნიორი, იცვლება გარეგნულად – ხდება გამომწვევი, იცვამს თამამად, რომ მოწინააღმდეგე სქესი მიიზიდოს. რაღაც ეტაპის შემდეგ, თუ მოთხოვნილება ვერ დაიკმაყოფილა, ხდება აბსოლუტურად ინდიფერენტული. ასეთ ქალებს ავიწყდებათ, როგორ უნდა დაივარცხნონ თმა, რომ შეიძლება კაბა იყოს მუხლს ზემოთ, რომ არსებობს დეკოლტე და ა.შ. შინაგანად ასეთი ქალი იოლად ღიზიანდება, ხდება ფეთქებადი და აგრესიული. თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, ქალს რადიკალურად ეცვლება ხასიათი, ხდება უხეში, კრიტიკული, სხვების განსჯისკენ მიდრეკილი. სამყარო მისთვის ორ ნაწილად იყოფა – საკუთარი აზრი და არასწორი აზრი. ეს ვრცელდება არა მხოლოდ მის პირად ცხოვრებაზე, არამედ გადადის საქმიან ურთიერთობაში, საზოგადოებასთან დამოკიდებულებაში. მოგვიანებით ასეთ ქალებს აგრესია უჩნდებათ სექსის ხსენებაზე, მამაკაცებზე, სექსი მათ ცხოვრებაში არის ატომური ბომბი, რომელიც როდის აფეთქდება, თავადაც არ იციან. თუ ასეთ ქალს ჰყავს ოჯახი, მისი აგრესიის ობიექტი შეიძლება გახდეს შვილი. არაერთი ფაქტი არსებობს, რომ დაუკმაყოფილებელი ქალი, რომელსაც შესაძლოა, ჰყავდეს ქმარი, მაგრამ მასთან არ ჰქონდეს ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრება, ძალადობს შვილზე, რაც, სამწუხაროდ, კვლავ არსებობს და ჩვენს საზოგადოებაში ბევრ პრობლემას ქმნის.
– როგორც სპეციალისტები ამბობენ, სექსუალური მოძალადეების უმეტესობისთვის, ეს არის საკვანძო საკითხი, რაც ადამიანს სექსუალურ მოძალადედ აყალიბებს.
– ძალადობა ძალიან ხშირად არის ოჯახში აგრესიის შედეგი. როდესაც ბავშვს აკლია სითბო, სიყვარული, აღიარება, მას უყალიბდება მთელი რიგი კომპლექსები, რაც მოგვიანებით მის მოძალადეობრივ ქცევაში ვლინდება. ასეთ ადამიანებს სექსუალური ხასიათის პრობლემებიც აქვთ, ისინი ხშირ შემთხვევაში იმიტომ ძალადობენ, რომ მოსწონთ ძალადობის ფორმა, აგრესია მათ აძლევთ დაკმაყოფილების საშუალებას. მათ აქვთ განსხვავებული ანომალიური სექსუალური მოთხოვნილებები და ჩვეულებრივი სექსუალური კავშირები არ აკმაყოფილებთ.
– როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს ჩვენს სექსუალურ ქცევას, ტემპერამენტს?
– ჩემი აზრით, სექსუალურ ქცევას განსაზღვრავს ყველაფერი – მენტალიტეტი, ისტორია, კულტურა, გეოგრაფია, სამზარეულოც კი. უცხოეთში, ერთ-ერთ პრეზენტაციაზე წარმოგვიდგინეს საკვები, რომელსაც ჩინურ სამზარეულოში მოიხმარენ. კვლევებით დადგენილია, რომ ადამიანებს, რომელთაც რეგულარულად კვებავდნენ ამ საკვებით, დაქვეითებული ჰქონდათ სექსუალური მოთხოვნილებები. სამწუხაროდ, ჩვენთან სექსუალური აღზრდა გამორჩენილია ყველა ეტაპზე – ოჯახშიც, სკოლაშიც, საზოგადოებაშიც. თბილისში კიდევ არაა ტაბუ ისე მძლავრი, როგორც რეგიონებში. თბილისიდან 20 კილომეტრში სიტყვა „სექსს“ ვერ გაიგებთ. ადამიანებს, რომელთაც აქვთ ოჯახები, არც კი უფიქრიათ, რომ უნდა ჰქონდეთ ინტიმური გარემო, ამ საკითხზე საუბარი საერთოდ უხერხულია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში სექსუალური განათლების სიმწირეა, რაც პირდაპირ განაპირობებს, რომ ჩვენთან ნაკლები სექსია, მათ შორის სტანდარტულ ქართულ ოჯახებშიც. ადამიანებს არ აქვთ გაცნობიერებული, რა სახის პრობლემები შეიძლება შეექმნათ სექსის ნაკლებობით, ან არაჯანსაღი სექსუალური ცხოვრებით. გასაგებია, რომ ეს გარემო მოქმედებს, ბევრი რამ არის დაკავშირებული ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებთან, ნეგატიური ინფორმაციებით სავსე სამყაროსთან, დაძაბულ ცხოვრების წესთან. სექსუალური კავშირი პირდაპირ კავშირშია ენდორფინთან, ბედნიერების ჰორმონთან, რომელიც არის ანტიდეპრესანტი. სტრესული გარემო თრგუნავს სექსუალურ მოთხოვნილებას, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სტრესის დროს სექსუალური კავშირი ქალს ხსნად ექცეს და სექსუალური ცხოვრების მოთხოვნა გაეზარდოს.
ერთი წლის წინათ ამერიკელებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც დაშორების პირას მყოფი წყვილები მონაწილეობდნენ, მათ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ უნდა დაშორებულიყვნენ და მათი ოჯახური თანაცხოვრება დასრულებულიყო. კვლევის მოთხოვნა იყო, რომ წყვილებს ყოველდღიურად ჰქონოდათ სექსუალური ურთიერთობა. ერთი თვის შემდეგ ამ წყვილების 80%-მა გადაიფიქრა დაშორება. ცხადია, რომ ოჯახების დიდი ნაწილი ჩვენთანაც იმის გამო ინგრევა, რომ წყვილებს არ აქვთ სექსუალური ცხოვრება, ან აქვთ პრობლემები ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, ეს თემა კვლავ დახურულია. ჩვენთან მოწვეული იყვნენ უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც ატარებდნენ ტრენინგებს. მათ ერთი თვის შემდეგ მთხოვეს, ტრენინგის თემა არ ყოფილიყო სექსუალური თემატიკის. ისინი ძალიან მალე, საკუთარი პრაქტიკით მიხვდნენ, რომ ქართველები ამ თემაზე გახსნილად არ საუბრობენ და სამწუხაროდ, ადამიანები, უფრო მეტად ქალები, რომელთაც 2-3 წელი არ აქვთ სექსუალური კავშირი, საერთოდ არ აცნობიერებენ, რა პრობლემები აქვთ.
წყარო: PrimeTime.Ge
მასალის გამოყენების პირობები






