შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, გორში მოკლული 8 წლის გოგონას საქმეზე გამოძიებას კონკრეტული შედეგები აქვს, რაზეც უახლოეს საათებში ისაუბრებენ.
კახა საბანაძე ამ დრომდე გორში იმყოფება, სადაც საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
„აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მომდინარეობს. იქნება კონკრეტული შედეგები უახლოეს საათებში. ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. გამოძიებას აქვს კონკრეტული შედეგები და ამაზე უახლოეს საათებში ვისაუბრებთ“,- განაცხადა საბანაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.
გორში მცხოვრები ნანა ბერიაშვილი სახლიდან გუშინ დღის პირველ ნახევარში, ცეკვაზე წავიდა და ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა.
8 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები






