სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 31 დეკემბერს, ნ.ტ. და რ.გ. შეშის დამზადების მიზნით, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე ანჯელის ტყის მასივში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ცხენით მოძრავი ი.კ. შეხვდათ. ნ.ტ.-მ წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, განზრახ მოკვლის მიზნით ი.კ.-ს სანადირო თოფიდან ორჯერ ესროლა. მიღებული ჭრილობების შედეგად ი.კ. ცხენიდან ჩამოვარდა, რის შემდეგაც ნ.ტ.-მ მას თავის არეში ესროლა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ნ.ტ. და რ.გ.-მ ი.კ. ბრეზენტის ქსოვილში გაახვიეს, ნ.ტ.-ს საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსში მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში მდინარე რიონში გადააგდეს. ჩატარებული აქტიური სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად ი.კ.-ს გვამი ვერ იქნა აღმოჩენილი.
სამართალდამცველებმა ნ.ტ. და რ.გ. 2018 წლის 11 იანვარს დააკავეს. ნ.ტ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), ხოლო რ.გ.-ს 375-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა წინასწარ შეუპირებლად) წარედგინათ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ნ.ტ.-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო რ.გ.-სთან, გამოძიებასთან მაღალი ხარისხის თანამშრომლობის გათვალისწინებით, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
მასალის გამოყენების პირობები






