შვილისა და მეუღლის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მაგდა პაპიძის საქმის ირგვლივ, “პრაიმტაიმი” ახალ დეტალებს ავრცელებს.
რით დასრულდა სასამართლო დავა ქონებაზე და აპირებს თუ არა უვადო პატიმრობაში მყოფი მაგდა პაპიძე პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას? “პრაიმტაიმს” მაგდა პაპიძის დედა, ლია შამუგია ესაუბრა. მსჯავრდებულის დედა დარწმუნებულია, რომ მაგდა დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა იმედს არ კარგავს.
“ამ წუთში შეწყალება როგორ იქნება?! იმდენი გამოუძიებელი თემებია საქმეში. ისე დახურეს ეს საქმე, თვითონ მაგდა ამბობს, ასე უცებ ვინ შემიწყალებსო. მაგდამ რომ აღიაროს, ჩათვალეთ თავზე ბომბი დამეცემა. არ აღიარებს, თვალებში ხომ ეტყობა ადამიანს, მისი მიმიკები არ გამომეპარება. ვერ შევატყე, რომ ოღონდ გამოვიდეს, აღიარებს, ასეთს არაფერს იძახის” – განაცხადა ლია შამუგიამ.
კითხვაზე, როგორ დასრულდა ქონებრივი დავა მაგდა პაპიძესა და მის დედამთილს დარეჯან მინდიკაურს შორის, ლია შამუგია აცხადებს, რომ სასამართლომ მანქანა გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ოჯახს მიაკუთვნა.
“წაიღეს მანქანა, მაგრამ პრობლემა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნაყიდი იყო და არ ვიცოდი, თუ ომარის ჰქონდა თავის თავზე გაფორმებული, ამ ამბების მერე განაწილდა ყველაფერი, მაგრამ ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ოქრო ჩვენ მოგვცეს, სერიოზული ოდენობის ოქროზეა საუბარი და მანქანა ომარის ოჯახს, რადგან მასზე იყო გაფორმებული. ვერც ფულს შევირგებდი იმისას და ვერც საჭესთან დავჯდებოდი. ძალიან მეცოდება ომარი. შვილი მომიკვდა, ომარის რომ ვეღარ ვხედავ, გული მიკვდება. დედამისს ალბათ ჰგონია არ განვიცდი, თუმცა ისე ძალიან განვიცდი, თოკოზე მით უმეტეს, თუმცა რომელზე უფრო, ამასაც ვერ გეტყვით” – ამბობს პაპიძის დედა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მოპყრობის თვალსაზრისით, პაპიძის ოჯახი კმაყოფილია. ლია შამუგია ამბობს, რომ მაგდა საკანში მარტო ზის. მედ პერსონალი დიდ ყურადღებას აქცევს, ჯანმრთელობითაც თავს ნორმალურად გრძნობს:
“ჯერჯერობით ჯანმრთელობით არაუშავს. ოდნავ ნერვიულობაზე გულის პრობლემები აქვს. წინა კვირაში ვიყავი შესული. ნორმალურად არის, მადლობას ვუხდი იქაურ ექიმებს, თავს დასტრიალებენ. თვითონ მითხრა, დედა, მადლობა გადაუხადე ყველას, რომ ასეთ გულისხმიერებას იჩენენ ჩემს მიმართო. განსაკუთრებით ვუხდი ძალიან დიდ მადლობას მედ პერსონალს, არ ზოგავენ თავებს, რომ ჯანმრთელად იყოს” – ყვება ლია შამუგია.
ვრცლად წაიკითხეთ: "პრაიმტაიმზე".
მასალის გამოყენების პირობები






