ბრიტანეთის კოუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ ჩვენს ტვინში სიზარმაცე ევოლუციურად არის დაპროგრამირებული.
პროფესორი მატიე ბუაგონტიე და მისი კოლეგები ცდილობდნენ აეხსნათ ე.წ. "ფიზიკური ვარჯიშის პარადოქსი" - უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე საზოგადოებაში უფრო და უფრო მეტი მოწოდება ისმის აქტიური ცხოვრების წესის მიმართულებით, თუმცა სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ მსოფლიოში ადამიანების ფიზიკური აქტიურობა კლებულობს.
ექსპერიმენტის მონაწილეები მკვლევარებმა კომპიუტერებთან დასვეს და მისცეს ვირტუალური ავატარი, რომლის ირგვლივაც მონიტორზე ჩნდებიოდა სურათები, რომელიც რაიმე სახის ფიზიკურ აქტივობას ან მის საპირისპირო პასიურობას გამოსახავდნენ.
თავიდან ამ ადამიანებს სთხოვეს, რომ თავისი "კომპიუტერული გმირი" სწრაფად მიემართათ ფიზიკური აქტივობის ამსახავი სურათებისკენ, ხოლო შემდეგ - პირიქით.
ამის პარალელურად მეცნიერები ელექტროდების მეშვეობით იწერდნენ ცდის ქვეშ მყოფთა ტვინში მიმდინარე პროცესებს.
კვლევის შედეგად გაირკვა, რომ თანამედროვე ადამიანის ტვინი მიდრეკილია პასიური ცხოვრების სტილისკენ.
"ფიზიკური ენერგიის ეკონომია ათეულობით საუკუნის მანნძილზე იყო ადამიანის გადარჩენის საფუძველი - ეს საშუალებას იძლეოდა უფრო ეფექტურად მოეპოვებინათ საკვები და თავშესაფარი, მიეპყროთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღება, თავი დაეღწიათ მტრებისა და მტაცებლისგან. ამისთვის იქმნებოდა უფრო და უფრო დახვეწილი ტექნოლოგიური სიახლეები, გადაადგილების საშუალებები და აშ. შესაბამისად ადამიანის ტვინი აეწყო ფიზიკური ენერგიის დაზოგვის მიმართულებით და პასიური ცხოვრების წესი ჩვენი ქრონიკული დაავადება გახდა," - აცხადებენ მეცნიერები.
ნაშრომის დასასრულს, მეცნიერები აცხადებენ, რომ მათი შემდგომი სამუშაო მიეძღვნება ამ "დაავადების" განკურნების მეთოდების ძიებას.
მასალის გამოყენების პირობები






