ესპანეთის პოლიციამ ბარსელონაში მოქმედი 2 კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში 15 ადამიანი დააკავა, მათი ასაკი 26-დან 61-წლამდეა. ესპანური მედიის ცნობით ერთ-ერთი დაჯგუფებას ქართული მაფიის ცნობილი ლიდერი ხელმძღვანელობდა.
დაჯგუფების წევრებს ბრალი ედებათ ბარსელონასა და მის შემოგარენში ათეულობით ბინისა და სახლის გაძარცვა.
ესპანური მედია წერს, რომ დაჯგუფების ლიდერი, ე.წ კანონიერი ქურდი 53 წლისაა და ის რუსეთშია ნასამართლევი. ესპანეთში ის პირადობის გაყალბებული საბუთებით ჩავიდა. მას დანაშაულები ევროპის სხვა ქვეყნებშიც აქვს ჩადენილი.
15 დაკავებულიდან 13-ს პატიმრობა მიესაჯა. ესპანეთის პოლიციის განცხადებით კრიმინალური ბანდის ათეულობით წევრი ისევ ძებნაშია, რადგან ამ ტიპის ჯგუფი ძალიან მობილურია და სავარაუდოდ ისინი მთელ ევროპაში არიან მოდებულნი.
პოლიციამ დაკავებულების სახლებში ნაქურდალი ნივთები ამოიღო, მათ შორის 13 ათასი ევრო ნაღდი ფული, 2 კგ-ზე მეტი ოქროს იუველირული ნაკეთობები და ელექტრო ტექნიკა. პოლიციამ ასევე აღმოაჩინა მოწყობილობები, რომლებსაც დაჯგუფების წევრები გასაქურდი სახლების კარის გატეხვისთვის და სეფების გაღებისთვის იყენებდნენ.
მთლიანობაში დაკავებულებს ქურდობის 22 ფაქტზე აქვთ წაყენებული, თუმცა პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს საქმეები გაცილებით ბევრია, რადგან კრიმინალური დაჯგუფების წევრები კვირაში რამდენიმე სახლს ქურდავდნენ.
კატალონიის პოლიციის უფროსი ქართული მაფიოზური დაჯგუფებების წევრების ქმედებებს რეგიონისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მსგავსი დანაშაულებებისთვის დამნაშავეებისთვის სანქციები უნდა გამკაცრდეს.
მასალის გამოყენების პირობები






