ზუგდიდის ყოფილიო ვიცე-მერი გია გულორდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. გულორდავას თქმით, ბიზნესმენს, რომელიც მას და ზუგდიდის ყოფილ მერს ქრთამის აღებაში ადანაშაულებს, ზუგდიდში გარკვეული ტერიტორიები სურდა. გულორდავას თქმით, რასაც ზურაბ კვირკვია ითხოვდა არაკანონიერი იყო:
"მას უნდოდა გარკვეული ტერიტორიები ზუგდიდში. მე ვუთხარი, რომ არ გამოვიდოდა ეს, რადგან არაკანონიერი იყო ის რასაც ითხოვდა. ქრთამი არ შემოუთავაზებია. მას უნდოდა, რომ ტერიტორია, პირდაპირ, იჯარის წესით მიგვეცა, ხოლო ჩვენ შევთავაზეთ, რომ გამოცხადდებოდა აუქციონი, მიეღო მონაწილეობა ამაში და თუ გაიმარჯვებდა, იქნებოდა მისი. მე თუ უარი ვუთხარი მის მოთხოვნაზე, რაში უნდა მოეცა თანხა მითხარით? თუ ნახავთ რამე ჩანაწერს, რომ მე ფულს მაძლევს კვირკვია, ბოდიშს მოგიხდით ყველას და წავალ ციხეში", - აღნიშნა გულორდავამ.
ყოფილი ვიცე-მერის განცხადებით მან თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა:
"ჩემი ნებით დავტოვე თანამდებობა. გამოძიებას რომ ხელი არ შეშლოდა, რაღაც არ გეთქვათ მერე თქვენ, ოპოზიციურ პარტიებს, რომ ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე ზეწოლას ვახორციელებ და ა.შ.", - აღნიშნა ზუგდიდის ყოფილმა ვიცე-მერმა.
მასალის გამოყენების პირობები






