საქართველოს მოქალაქეები, თურქეთში უკონტრაქტოდ მუშაობდნენ, ამიტომ იურიდიულად არ აქვთ დავის საფუძველი. შესაბამისად, მათ ნაცვლად პოლიციასა და შესაბამის უწყებებს ეთნიკურად ქართველებმა მიმართეს. მომჩივანთა შორისაა იურიდიული სასამართლოების თარჯიმანი ზია ბაირაქი, რომელიც ამბობს, რომ ბიზნესმენი უკანონოდ ამუშავებდა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს.
"დამსაქმებელი სახელმწიფოს უმალავდა, რომ ამუშავებდა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ამიტომ არ უფორმებდა კონტრაქტებს. ამიტომ ჩვენ მას ვუჩივით, როგორც ამ ფაქტის დამალვისთვის, ასევე დასაქმებულების მოტყუებისთვის" - განაცხადა ზია ბაირაქმა.
ტრაპზონში საქართველოს გენერალური კონსულის ავთანდილ მიქაცაძის თქმით საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან, მათი უფლებების დაცვას ადგილზე კი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა გააგრძელებს:
„ორშაბათიდან ჩვენ ჩავერთეთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად. დავალიანების სრული მოცულობა იყო 4500 დოლარი. გადახდილია ამ დროისთვის ორი მესამედი, დაახლოებით 3 ატას დოლარამდე. შეტანილია სარჩელი პროკურატურაში და არ გადახდის შემთხვევაში დამსაქმებელს ელის საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა. ნებისმიერ შემთხვევაში ისინი დაბრუნდებიან სამშობლოში და ჩვენ გავაგრძელებთ მათი უფლებების დაცვას ადგილზე,“-განაცხადა ავთანდილ მიქაცაძემ.
საქართველოს მოქალაქეების ინფორმაციით, მათი დამსაქმებელი თურქეთის პოლიციამ სავარაუდოდ უკვე დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები






