ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემსწავლელი დროებითი კომისიის წევრი სერგო რატიანი არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეში 51 -ე სკოლის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მაშინ როდესაც მოზარდებს შორის დაპირისპირების წინაპირობა არსებობდა, სკოლის ადმინისტრაციას უნდა შეემჩნია, რომ არასრულწლოვანები საქმის გასარჩევად იკრიბებოდნენ. დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა ვიდეომასალაც წარმოადგინეს, სადაც კარგად ჩანს 35-მდე მოსწავლე, რომელიც შენობის მიმდებარედ იკრიბება.
ამ საკითხთან დაკავშირებით 51-ე სკოლის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას იხსნის. სკოლის დირექტორის მოადგილე არ ეთანხმება დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების შენიშვნას, რომ სკოლის ადმინისტრაციას ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეეძლო თუ ყურადღებას მიაქცევდა იმ ფაქტს, რომ სკოლის მიმდებარედ არასრუწლოვანი ბიჭების დიდი ჯგუფი გროვდებოდა.
თინათინ ყენია აცხადებს, რომ ტრაგედია გაკვეთილების მსვლელობის დროს არ მომხდარა, ხოლო სკოლის მიმდებარედ შეკრებილ უცხო ბიჭებთან 51-ე სკოლის მოსწავლეებს კონტაქტი არ ჰქონიათ.
„2-ს აკლდა 15 წუთი. დასრულდა მე-6 გაკვეთილი და ნახევარი სკოლა გარეთ იყო. დავინახე ჩანთებით რამდენიმე უცხო ბიჭი, რომელიც იდგა სკოლის ტერიტორიის გარეთ, მიწისქვეშა გადასასვლელთან სავალ ნაწილზე. ამ ბავშვებს ჩვენს ბავშვებთან კონტაქტი არ ჰქონიათ და შესაბამისად, მე არ ჩამითვლია საჭიროდ, რომ რაიმე განმეხორციელებინა. ანუ ლაპარაკითაც არ დალაპარაკებიან. ეს მერე აღვიდგინე, რომ ეს ბავშვები იყვნენ და არსებობს კამერის ჩანაწერები, სადაც ყველაფერი ჩანს აბსოლუტურად,“ - განაცხადა თინათინ ყენიამ.
მასალის გამოყენების პირობები






