ახალ ზელანდიის ერთერთ სოფელში კატების ყოლა აკრძალეს და ეს ფაქტი ველური ბუნების დაცვის მიზნით ახსნეს.
რეგიონალური საბჭოს გადაწყვეტილებით სოფელ ომაუის მკვიდრებმა, ვისაც ეს შინაური ცხოველი ყავს, კატებს კასტრირება უნდა გაუკეთონ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაარეგისტრირონ და მიკროჩიპები დაუმაგრონ.
კატის გარდაცვალების შემდეგ, მათ ახალი კატის შეძენა ეკრძალებათ.
თუ ეს ექსპერიმენტი გაამართლებს, მას სხვა რეგიონებშიც დანერგავენ.
იდეის ავტორები აცხადებენ, რომ შინაურ პირობებში გაზრდილ კატებს დიდი ზიანი მოაქვთ ბუნებისთვის - ისინი ანადგურებენ დიდი რაოდენობით ცხოველებსა და ფრინველებს რითიც ველურ ბუნებას დიდ საფრთხეს უქმნიან. ამ საკითხზე ადგილობრივმა მეცნიერმა პიტერ მარამ არაერთი წიგნი დაწერა. ის აცხადებს, რომ სულაც არ არის კატათმოძულე და არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს, თუ ადამიანები კატებს ქალაქში, საცხოვრებელ სახლებში იყოლიებენ, პრობლემა მხოლოდ სოფელში, ბუნებასთან ახლომდებარე პირობებში კატების უკონტროლო გამრავლებასა და მოშენებაშია.
მარა აცხადებს, რომ მსოფლიოში ცხოველთა და ფრინველთა 63 სახეობის გადაშენებაში დამნაშავე სწორედ სოფლის პირობებში მომრავლებული კატები არიან.
კატები განსაკუთრებით სახიფათო იმ რეგიონებში არიან, სადაც ფაქიზი ეკოსისტემაა, რომელთა რიცხვსაც ახალი ზელანდიაც მიეკუთვნება.
სოფელ ომაუის მოსახლეობა ამ საკითხზე პროტესტს აცხადებს და უსამართლოდ მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ ექსპერიმენტი მაინცდამაინც მათ კატებზე ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები






