სამართალდამცავებმა სვანეთში ერთი მამაკაცი დააკავეს, საუბარია მამაზე, რომელსაც 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამირან დევნოზაშვილი სამართამდალცავებმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე დაიჭირეს. აღნიშნული მუხლი იძულებას გულისხმობს.
ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოჯახის წევრების (მათ შორის არასრულწლოვანი შვილების) მიმართ განხორციელებული იძულების ბრალდებით, 1971 დაბადებული ა.დ. სასამართლოს განჩინებით დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონულ სამმართველოში, 2018 წლის 29 იანვარს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება ა.დ.-ს მიერ ოჯახის წევრების (შვილების) მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 150-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო.
გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, სამართლდამცველების მიერ ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა.
შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის მიღებისთანავე, 28 ივლისს, პროკურატურამ სასამართლოს ა.დ.-ს დაკავების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. სასამართლოს განჩინებით, ა.დ. დაკავებულ იქნა შვილების მიმართ განხორციელებული იძულების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ს 11 პრიმა 150-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 18 თვემდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი მეტად სენსიტიურია და ეხება ბავშვებს, რომელთა ინტერესების გათვალისწინებაც სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია, სამინისტრო თავს იკავებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გასაჯაროებისგან და ასევე, მოუწოდებს საზოგადობას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს ამ საკითხს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






