სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ერთი პირი დააკავა
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან "ნიუპოსტს" აცნობეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ-ს მიმართ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით).
უწყების ცნობით, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული პირი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).
"მალხაზ ტ-ს საცხოვრებელი სახლის და სამსახურის ჩხრეკისას ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკიანი დროშები და სხვადასხვა ატრიბუტიკა.
დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება"- აცხადებენ სუს-ში.
მასალის გამოყენების პირობები






