საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურად ცნო.
მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს. მათივე მტკიცებით, მარიხუანას მოხმარებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს მხოლოდ მისი მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.
თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის.
" საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ. " - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
საქმის არსებითი განხილვა მაისში დასრულდა, გადაწყვეტილება კი დღეს გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები






