პაატა ბურჭულაძის შვილებმა მთავარ პროკურატურაში მათ მიმართ განხორციელებული სავარაუდო კიბერდანაშაულის ფაქტზე განცხადება დღეს კიდევ ერთხელ შეიტანეს.
ალექსანდრე ბურჭულაძე ამბობს, რომ პირველად კიბერშეტევა ხუთი თვის წინ, მის ტელეფონსა და კომპანიის კომპიუტერებზე განხორციელდა, რის შემდეგაც პროკურატურას მიმართა და ფაქტებიც წარუდგინა, თუმცა მისი თქმით, პროკურატურის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
რამდენიმე კვირის წინ, მსგავსი ფაქტები ბურჭულაძის მეორე შვილის, შუქრი ბურჭულაძის ტელეფონზე და მისი კუთვნილი სამშენებლო კომპანიის კომპიუტერებშიც დაფიქსირდა.
ბურჭულაძეების განცხადებით, სხვადასხვა ძალების მხრიდან, მათი ტელეფონები სავარაუდოდ, იმართება, ავტომატურ რეჟიმში გაურკვეველ ნომრებზე რეკავს, ტელეფონებში კი უცხო ხმები ესმით.
ძმები ამბობენ, რომ ეს ფაქტები პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას უკავშირდება.
ბურჭულაძეები პროკურატურას დანაშაულის გამოძიებისთვის ერთკვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფაქტების გასაჯაროებას გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები






