სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობა ხადას ხეობაში - მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებული 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური უკვე მიიყვანეს. სასამართლომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე უნდა იმსჯელოს.
საქმის პროკურორმა პროცესის დაწყებამდე მომხდარის დეტალზებზე ისაუბრა. ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობას მოითხოვს:
„როგორც მოგეხსენებათ, ბრალდებულს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე მუხლებით, რაც ითვალისწინებს განზრახ მკვლელობას, ცადენილს ორი პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ასევე განსაკუთრებული სისასტიკით.
რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნას, ბრალდების მხარე შედის სასამართლოში შუამდგომლობით და ვითხოვთ პატიმრობას.
რაც შეეხება საფრთხეებს, ამ ეტაპზე არსებობს საფრთხე ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
ბრალდებული მომხდარი ფაქტის შემდგომ, ყველანაირად ცდილობდა კვალი გაექრო და მოეხდინა მტკიცებულებების გადამალვა და სამხილების დაფარვა. რაც შეეხება იმ მომენტს, როდესაც გამოძიებით გამოიკვეთა, რომ დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ყოფილიყო ბრალდებულის მიერ, იმ მომენტიდან მოხდა ბრალდებულის დაკავება.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, უშუალოდ ბრალდებულის მითითებით, ამოღებული იქნა როგორც შესაძლო დანაშაულის ჩადენის იარაღი, ეს არის ორლულიანი სანადირო თოფი, ასევე ბავშვის გვამი იქნა ნაპოვნი მისი მითითებით და სხვა მტკიცებულებები.
დღეის მდგომარეობით იკვეთება ერთი პიროვნების ბრალეულობა. თუმცა, თუ გამოიკვეთა სხვა პიროვნებების ბრალეულობა, მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას. ამ პიროვნებამ შეეცადა გარკვეული მტკიცებულებების გადამალვა, მათ შორის ბავშვის გვამის გადამალვა“, - განაცხადა პროკურორმა.
მასალის გამოყენების პირობები






