ზვიად კუპრავა ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში იმყოფება, მასთან ერთად ადგილზე იმყოფება ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.
ზვიად კუპრავას განცხადებით, მას 12:00 საათზე ბრალი უნდა წარუდგინონ სასამართლოს უპატივცემულობისთვის. საუბარია 12 ივნისს მომხდარ ინციდენტზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მოხდა. ზვიად კუპრავა სასადილოში საჭმელად ჩავიდა და სამართალდამცავებმა იგი სასამართლო დარბაზში ძალის გამოყენებით დააბრუნეს.
„არაფერი სამართლებრივი არ არის ეს პროცესი, სამართლის არც ერთ მუხლთან არ შეიძლება საერთო ჰქონდეს, უპატივცემულობა გამოხატეს შსს-ს სწორედ იმ თანამშრომლებმა, რომლებიც მოიქცნენ უღირსად, რომლებმაც თავზე დაგვამხეს ყველაფერი, მე რეალურად დაზარალებულის სტატუსი უნდა მქონდეს, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ალბათ ბრალდებულის სტატუსი მექნება, მე როგორც დამირეკეს და მითხრეს, 12 საათზე ბრალი უნდა წამიყენონ, შეუძლიათ დამაკავონ, შეუძლიათ არ დამაკავონ, არ ვიცი. სასამართლოს უპატივცემულობა რომ დადგეს უნდა იყოს სასამართლოს დარბაზი, სასამართლოს შემადგენლობა, თუ დამაკავებენ, ბოლომდე ვიბრძოლებ, ივანიშვილმა კარგად ნახა, რომ პროცესები გაექცა ხელიდან, რასაც ვერ ეგუება და ცდილობს, რომ ჩემს გარეშე ჩაატაროს წინასაარჩევნო პროცესები, მე გარეთ ვიქნები თუ შიგნით, ივანიშვილი ამ რეჟიმს ვერ გაატარბეს, ვინც არ ვემორჩილებით ივანიშვილის რეჟიმს და მის მაყუთს, არ ვაპირებთ გავატარებინოთ თავისი რეჟიმი“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაიწყო, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






