ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისიაში ამ დროისთვის წარმოდგენილი რეკომენდაციები არ იქნება ერთადერთი. ეს განცხადება, კაპანაძემ კომისიისა და არასამთავრობების, ასევე ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. საუბარია ორი რეკომენდაციაზე, რომელიც ეხება ერთის მხრივ ხორავას ქუჩაზე მომხდარის დროს კიდევ ერთი არასრულწლოვანის(გ.მ.) დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას და მეორე - ერთ-ერთი პირის მიმართ (მ.კ.) სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციას.
ზაზა სარალიძის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე ყველა ის კითხვის ნიშანი ლეგიტიმურია, რაც საგამოძიებო კომისიას ამ ეტაპამდე გაუჩნდა:
"კომისიამ 2 რეკომენდაციის პროექტი წარმოადგინა. ჩვენ გავეცანით ამ შინაარსს და რა თქმა უნდა ვეთანხმებით. აქ ძირითადად დასმულია საკითხი, რომელიც გამოძიებას უნდა შეესრულებინა და ამაზე მსჯელობა არ უნდა ყოფილიყო. მნიშვნელოვანია დაიწყოს გამოძიება იმ პირის მიმართ, რომელსაც ცნობილია, რომ ჭრილობა აქვს მიყენებული და დღემდე ამ კუთხით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა", - განაცხადა ზაზა სარალიძის ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






