მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წარმომადგენლები ამ წუთებში, მკვლელობის ადგილზე მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილს კითხავენ, რომელიც პირველ დეკემბერს, არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
„რასაც ვისმენთ, ამის შეფასება ძალიან ძნელი გასაკეთებელია, ჯერ ფრაგმენტული ინფორმაცია მოდის. ყველამ რაც დაინახა, იმას გვიყვება. ზოგი ამბობს, რომ ბევრი არაფერი აქვს დანახული. მაგრამ ჩვენი სამუშაო ჯგუფის ამოცანა სწორედ ის არის, რომ ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობას შევხვდეთ ვინც ადგილზე იყვნენ. ვინც ამ ტრაგედიას ფანჯრებიდან უყურებდა ან შემთხვევის ადგილზე მის შემდეგ გამოვიდა.
ჩვენ ახლა ამ პროცესში ვართ, ინფორმაციას მაქსიმალურად ვაგროვებთ. მერე უკვე ამ ინფორმაციის ანალიზი, წინა ჩვენებებთან შედარება მოხდება. შესაბამისი დასკვნების გაკეთება ამის შემდეგ შეგვეძლება”,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ნიკოლოზ იორდანიშვილი პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში მანქანაში იმყოფებოდა.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
მასალის გამოყენების პირობები






