მოზარდების მკვლელეობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძებო კომისიის სხდომა დასრულდა. პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, რომ პროკურატურის არგუმენტები შესაბამისი და ადეკვაური იყო.
„კითხვებს, რაც ფარდულს ეხებოდა და გაღუნულ დანას, პასუხი გავეცით ვერბალურადაც და ფოტოილუსტრაციითაც. მიგვაჩნია, რომ პასუხები შესაბამისია და კონკრეტულად ვისთვის არ არის დამაჯერებელი, სხვა კვლევის საგანია. პასუხები საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან იყო და თუ არადამაჯერებელია, ხვალაც მოვდივართ ჩვენ აქ და მზად ვართ, გავცეთ პასუხი“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
ამასთან, მისი თქმით, ვიდეოკამერებზე არსებული საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია ოპერატიულად იქნა დამუშავებული.
მისივე თქმით ნიკოლოზ ვაჩეიშვილი არ დაიკითხა, რადგან არ ფლობდა დეტალურ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
"მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით არსებობს დამუშავების პროცედურები. რაც შეეხება ბატონი ვაჩეიშვილის არდაკითხვას, ის არ ფლობდა დეტალურ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, არ შეეძლო კონკრეტიზაცია, ამიტომ არ მოხდა მისი გამოკითხვა. რაც შეეხება მის მეუღლეს. ის დაიკითხა, თუმცა ისიც ვერ ახდენს კონკრეტიზაციას", - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






