არსებული ინფორმაციით, დაკავებული „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეს ოზურგეთის ცენტრში დანის მუქარით ფულს სძალავდა.
შეერთებული შტატების მოქალაქე, ამანდა ონოჩიმ პოლიციას ჩვენებაც კი მისცა.
ფაქტი მიმდინარე წლის 11 მაისს მოხდა, თუმცა ბრალდებული ბადრი სიხარულიძე მხოლოს დღეს დააკავეს.
გთავაზობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1950 წელს დაბადებული ბ.ს. ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს.
ამ დროისთვის, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დაზარალებულის მიერ სავარაუდო დამნაშავის ამოცნობის პროცედურა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 მაისს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ცენტრალური საავტომობილო გზის ტროტუარზე ქვეითად მიმავალ აშშ-ს მოქალაქეს, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეს - ა.ო.-ს დანის დემონსტრირებით ფული მოსთხოვა. ქალბატონმა ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან ისე მიიმალა, რომ აშშ-ს მოქალაქისთვის არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია და არც თანხა წაუღია.
22 მაისს კი ბ.ს.-მ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში უკანონოდ შეაღწია ერთ-ერთი მოქალაქის სახლის ეზოში და 1965 წელს დაბადებულ ქალბატონს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ს. 23 მაისს დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს"- წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






