ბრალდების მხარემ უკვე მიიღო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, მოკლულ ანა ნაცვლიშვილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული.
ექსპერტიზის მიხედვით, 20 წლის გოგონას ასევე თავის არეში ბლაგვი საგნით ჩარტყმის შედეგად მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.
„ნიუპოსტი“ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატს, ნაირა ოტიაშვილს ესაუბრა. დაცვის მხარე პროკურატურის ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობას უცხადებს და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.
"ამოღებული დანის ზომები და ჭრილობების ზომები არ ემთხვევა ერთმანეთს. გენეტიკური მასალა არ არის. თითის ანაბეჭდები არ ემთხვევა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ანაბეჭდებს მეტი რა გითხრათ, გაუგებარია რითი ამტკიცებს ბრალდება, რომ ლადო გრიგალაშვილი დამნაშავეა?! ჩვენს დავნიშნეთ ექსპერტიზები, რა თქმა უნდა კითხვები გვაქვს. რაც შეეხება 33 ჭრილობას, აქვს თავში მჭრელი ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა, რომელიც გამოძიების მიერ არ არის ამოღებული, შესაბამისად არ ვიცით ვინ მიაყენა. გოგონა არის დაცემული დიდ ლოდს და ქვისგან აქვს მიყენებული ჭრილობები. დანით აქვს მიყენებული ჭრილობა მხოლოდ ყელის არეში“- აცხადებს ადვოკატი.
მისი თქმით, მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა გაირკვა, რომ გრიგალაშვილი უარს ამბობს მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.
რეზონანსული საქმეზე მოსამართლე პირველი წინასასამართლო სხდომაზე 22 მაისს იმსჯელებს.
გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 თებერვალს ბრალდებულმა მსხვერპლი სახლიდან 05:30 საათზე გამოიყვანა და კორპუსის უკან, სკვერში შურისძიების ნიადაგზე მოკლა.
ანა ნაცვლიშვილი, მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა.
საქმის მასალების თანახმად, შეყვარებულის მკვლელობის შემდეგ 21 წლის ბიჭმა, ქურთუკი გამოიცვალა და მკვლელობის ნივთმტკიცება - დანა ავტოფარეხში დამალა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, მკვლელობაში ბრალდებული გამთენიისას ნაცვლიშვილის სახლში მივიდა და მოკლულის დას უთხრა, რომ ანას ეძებდა, რომელიც მის შეტყობინებებს არ პასუხობდა.
პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ, ახალგაზრდა ალიბის შექმნას შეეცადა და მეგობრებს შეყვარებულის მოძებნაში დახმარება სთხოვა და მათთან ერთად ნაცვლიშვილს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ეძებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში მტკიცებულების სახით დევს ფარული ვიდეო მასალა, რომელიც სამართალდამცავებმა გრიგალაშვილს გადაუღეს.
ზღვის უბნის მცხოვრებლები იხსენებენ, რომ თვდაპირველად ხმა გავრცელდა, რომ გოგონა ცოცხალი იყო და საავადმყოფოში იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, კლინიკაში ანა ნაცვლიშვილის მამას ბრალდებულიც გაყვა, საიდანაც ის პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა, სადაც გრიგალაშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებისას გრიგალაშვილმა პოლიციას უამბო, რომ შეყვარებული ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. კერძოდ, მედიაში გტავრცელებული ინფორმაციით, დაკითხვისას ლადო გრიგალაშვილმა სამართალდამცავებს უთხრა, რომ "თითქოს დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე, ანა შავ ბე-ემ-ვეში, უსიამოვნო ვითარებაში ნახა და უნდოდა გაერკვია ეს ამბავი, მაგრამ ანი იმ დღეებში მამა სოფელში წაიყვანა და ვერ ნახა. იმ ღამით კი სახლიდან რომ გამოიყვანა და ჰკითხა, ვისთან დადიხარო, გოგონამ კატეგორიულად უარყო ყველაფერი. ამის შემდეგ ბე-ემ-ვე უხსენა და როცა ანი შეეპასუხა, მისმა სიტყვებმა გონება დამიბნელა, ქვა ავიღე, თავში ჩავარტყი, წაიქცა და მერე დანა რამდენჯერმე ჩავარტყიო".
მასალის გამოყენების პირობები






