ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი პროკურატურამ დაკითხა. პროექტ „იაფ სახლთან“ დაკავშირებით ასევე, დაიკითხნენ მერიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები.
როგორც აჭარის ტელევიზია იუწყება, პროექტ „იაფი სახლის“ მშენებლობასთან დაკავშირებითბათუმის მერიამ ხელშეკრულება აზერბაიჯანულ კომპანია „კონვენტ ჯორჯიასთან“ 2015 წლის დეკემბერში გააფორმა.2016 წლის 3 თებერვალს კი კომპანიას ავანსის სახით 1 მილიონ 621 ათასი ლარი გადაურიცხა. ამის შემდეგ კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც 2016 წლის 16 ოქტომბერს ხელშეკრულება შეწყდა და მერიამ კომპანიას თანხების დაბრუნება მოსთხოვა, რაც დღემდე არ შესრულებულა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„იაფი სახლის“ პროექტი შეისწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომლის მომზადებულ დასკვნაში წერია, რომ კომპანია „კონვენტ ჯორჯიამ“ წარადგინა ბრიტანულ კომპანია POINT BANK Ltd-ის საგარანტიო წერილი. მოგვიანებით ბათუმის მერიის მიერ მოძიებული მასალებით დადგინდა, რომ დაფუძნებიდან დღემდე, კომპანიას თვითდეკლარირების საფუძველზე, მინიჭებული აქვს ე.წ. არააქტიური კომპანიის კოდი 54 , რაც გულისხმობს, რომ კომპანია არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ გააჩნია შემოსავალი.
„მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მხრიდან, გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარემოებათა არაჯეროვანი გამოკვლევისა და მოსალოდნელი რისკების შეუფასებლობის გამო, მუნიციპალიტეტს მიადგა არანაკლებ 1,430,342 ლარის ზიანი“ - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
ამასთან, აღნიშNულ საქმეზე საგამოძებო უწყებაში აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძეც იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






