რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ პირებისთვის წაყენებული ბრალი (სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი), სასჯელის სახით, 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
შედარებით მსუბუქია თორნიკე ჩუტკერაშვილისთვის წაყენებული ბრალი, მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ ყველა მათგანი 5-საათიანი მსჯელობის შემდეგ, პატიმრობაში დატოვა. ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლებას სასამართლოს 5 და 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სთხოვდნენ.
დაკავებულებიდან დამნაშავედ თავს ერთიც არ მიიჩნევს. ბრალდებულების ოჯახის წევრები კი ამტკიცებენ, რომ განსასჯელის სკამზე მჯდომი ახალგაზრდები შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების პირადი პატიმრები არიან. მათი თქმით, გახარიას უწყებამ თავადაც იცის, ვინ არის რეალიზატორი, თუმცა ძალოვანი უწყება რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებას არაობიექტურს უწოდებს თორნიკე ჩუტკერაშვილის ადვოკატი გიორგი ფანცულაია.
ადვოკატი „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულების უფლება დამცველებისთვის სასამართლოს განჩინება არ გადაუციათ.
"განჩინებას არ ვიცნობ. რეალურად, არ ვიცი, რა ბრალი წაუყენეს და რა მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო მოსამართლემ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამ მოცემულობით, ჩემი მხრიდან იმის თქმა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გავასაჩივრებ, დილეტანტობა იქნება. დიდი ალბათობით, მას შემდეგ გავასაჩივრებთ, რაც განჩინება ჩაგვბარდება" - უთხრა "ნიუპოსტს" გიორგი ფანცულაიამ.
რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილებას, გიორგი ფანცულაია აღნიშნავს, რომ მოსამართლემ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.
„გუშინ სასამართლო არ განიხილავდა, დაკავებული პირები უდანაშაულოები არიან თუ პირიქით, დამნაშავეები. მე 8-ვე ადამიანის სახელით ვერ ვისაუბრებ, შევეცდები, ჩვენი მოთხოვნა არგუმენტებით გავამყარო. ვითხოვდით, რომ გამოძიების დასრულებამდე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ, ამისთვის სამართლებრივად ყველა გარემოება არსებობდა. გუშინ ხომ არ წყდებოდა, ეს ადამიანი მართალია თუ მტყუანი. მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც საჭიროა ექსპერტიზის ჩასატარებლად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მზად იყო ჩაებარებინა ყველანაირი დოკუმენტაცია, არც მიმალვის და, მით უმეტეს, არც ქვეყნის დატოვებას არ გეგმავდა. ეს პოზიცია სასამართლომ არ გაიზიარა და ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უფრო ობიექტურ გადაწყვეტილებად მიიჩნია, რასაც არ ვეთანხმები"- აღნიშნა ფანცულაიამ.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, დააკავეს თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე და არა იმ კლუბებში, სადაც 12 მაისს სპეცოპერაცია ჩატარდა.
„მის აყვანა მოხდა „გუდვილის“ ტერიტორიაზე, ადგილზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მას ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა, სამართალდამცავები იმყოფებოდნენ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში და იქაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოუჩენიათ. ახალგაზრდამ ექსპერტიზისთვის ნიმუშების ჩაბარებაზეც თანხმობა განაცხადა და აღმოჩნდა, რომ ის ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა. იმ ვიდეო-მასალაზეც ექსპერტიზაა დანიშნული, რომელიც შს სამინისტრომ გაავრცელა. სანამ ექსპერტიზის პასუხი არ არსებობს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის აზრს ვერ ვხედავ. გასარკვევია, იმ ვიდეოზე ჩემი კლიენტის ასოცირება ხდება თუ არა და თუ ხდება, რა ფორმით? შეიძლება, ასოცირება ხდებოდეს, თუმცა დანაშაულთან შემხებლობა არ ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე ვარ, არ ვარღვევ ობიექტურობას, ვცდილობ, დავსვა ბალანსი და ვამბობ, რომ სანამ ექსპერტიზის პასუხი არ არის, გამოვიდე და ვთქვა გინდა თუ არა მართალია ან მტყუანია, ეს დილეტანტობა იქნება. თეორიულ დონეზე შესაძლოა იმ ვიდეოში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დანაშაული ფიქსირდება, შეიძლება არ ფიქსირდება და შესაძლოა, რომ სრულიად არ მონაწილეობს ამ ვიდეოში, ან მონაწილეობს, მაგრამ დანაშაულთან შემხებლობა არ აქვს. ჩვენ გვახსოვს არაერთი ვიდეო, რომელიც პროკურატურას მტკიცებულების სახით გაუვრცელებია, თუმცა შემდეგ მის ავთენტურობაზე უამრავი კითხვა დასმულა. სანამ ექსპერტიზა არ ჩატარდება, როგორ შეიძლება ბრალდების მხარეს ვენდო?!"- უთხრა "ნიუპოსტს" გიორგი ფანცულაიამ.
მისი თქმით, ბრალდებული მაქსიმალურად ხელს უწყობს გამოძიებას, ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტს საეჭვო წარსული არ ჰქონია და არც ნასამართლევი ყოფილა .
ფანცულაიას თქმით, ახალგაზრდა ოჯახს თვითონ ინახავდა.
„სტუდენტი ბიჭია, უსაქმური არ ყოფილა, გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობდა და ემზადებოდა ამ პროცესისთვის. 5-სულიან ოჯახს ეს ერთი ადამიანი, მამასთან ერთად, არჩენდა. ამის გარდა, არასდროს ყოფილა ნასამართლევი. ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაც კი არასდროს ყოფილა დაჯარიმებული. ის ყველა პიროვნულ მახასიათებეს აკმაყოფილებდა, რომ გამოძიების დასრულებამდე გირაოთი გათავისუფლებული ყოფილიყო“- უთხრა „ნიუპოსტს“ გიორგი ფანცულაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






