„პოლიციამ ჩვენი ორი ლიდერი დააკავა მხოლოდ იმიტომ, რომ ცდილობდნენ აგრესიულად მომუშავე პოლიციელებს არ დაეკავებინათ უდანაშაულო ადამიანი. რეალურად კი შემდგომ თავადაც ვერ დაამტკიცეს მათი დანაშაული და ეს ადამიანი სახლშია გაშვებული და მას არანაირი კავშირი ნარკოტიკულ საშუალებებთან არ აქვს და ახლა მათაც ედავებიან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს თავისი აღვირახსნილი ქმედების გამართლებას, ახლა ისინი ცდილობენ, თითქოსდა ჩემი ბიძაშვილი, რომელიც თავდაპირველად დააკავეს (მირიან სარიშვილი), იყოს გამსაღებელი და ვითომ რაღაც საგამოძიებო ღონისძიებას ატარებდნენ. ეს არის უსინდისო ტყუილი. პოლიცია ასე იქცევა ყოველდღე. უბრალოდ, დღეს ეს შემთხვევა ჩვენს ოფისთან დაფიქსირდა და ამიტომ მოჰყვა მას ასეთი გამოხმაურება. თუმცა არსებობს უამრავი შემთხვევა, რომელიც ყოველდღიურად ხდება და რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
"გირჩის" ინფორმაციით მირიან სარიშვილი პოლიციამ გაათავისუფლა, თუმცა დღეს მისი სასამართლო მაინც გაიმართება, მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. რაც შეეხება მეგრელიშვილსა და ხვიჩიას ისინი სასამართლო სხდომამდე, დიღმის პოლიციის სამმართველოს იზოლატორში იმყოფებიან.
"გირჩის" წევრები პოლიციამ გუშინ დააკავა. აღნიშნულთან დააკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტებულია, რომ ხვიჩიასა და მეგრელიშვილს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობაში ედებათ ბრალი.
მასალის გამოყენების პირობები






