გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატის ალექსანდრე გიუშვილს შეფასებით, საგამოძიებო მოქმედებები არასრულყოფილად ჩატარდა. ამას გარდა, მიაჩნია, რომ დღემდე სამართალდამცველებს არ ჩაუტარებიათ ეფექტური ღონისძიებები ბრალდებულის დასაკავებლად, რაც დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს.
ადვოკატის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლი, რომლითაც ნიგურიანს ბრალი აქვს წარდგენილი, დამამძიმებელ გარემოებებს არ ითვალისწინებს. კერძოდ, არ გათვალისწინებულა არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მამისთვის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი და კიდვე სხვა დეტალები, რის შედეგადაც ბრალდება უფრო დადამძიმებელი მუხლით უნდა წარედგინათ ბრალდებულისთვის. მამუკა ნიგურიანს ბრალად ედება ასევე იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაც.
„გამოძიებისთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მკვლელობის მოტივი. თუმცა მათ თავიდანვე ერთადერთი ვერსია განავითარეს, რაღაც არსებული ოჯახური კონფლიქტი, სამეზობლო დავა. დღემდე ამ მოტივით არის საქმე სასამართლოში მოსული. ეს არასრულყოფილი და რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზული მოტივია. გამოძიებამ ყველა ვერსიაზე უნდა იმუშაოს. ბევრად უფრო სერიოზული მიზეზი უძღოდა ფაქტს წინ. თუ რა ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს“, - განმარტა ალექსანდრე გიუშვილმა.
საგამოძიებო მოქმედებების არასრულყოფილად ჩატარებაზე ამახვილებს ყურადღებას გარდაცვლილის მეუღლე სვეტა ნავერიანიც, მისი თქმით გამოძიებისადმი უნდობლობას იწვევს ის ფაქტი, რომ საქმეში არ დევს ექსპერტიზის პასუხები:
„გამოძიებაში არ ფიგურირებს ისეთი დოკუმენტები, როგორიცაა ბალისტიკური ექსპერტიზა, ქიმიური და ბიოლოგიური. არის მხოლოდ სამედიცინო დასკვნა.“ - განაცხადა სვეტა ნავერიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 25 დეკემბერს დაბა მესტიაში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1978 წელს დაბადებულმა მ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მესტიის საკრებულოს წევრს, მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლომარ ნიგურიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო.
მკვლელობაში ბრალდებული უკვე 4 თვეა მიმალვაშია.
მასალის გამოყენების პირობები






